ბურჯანაძე: ’ხელისუფლებას აღლუმის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მივცემთ’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 May.'11 / 16:13


ნინო ბურჯანაძე 23 მაისს აქციის მონაწილეებს აუწყებს, რომ ხელისუფლებას 26 მაისს 
სამხედრო აღლუმის მშვიდად ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ. 
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სახალხო კრების მხარდამჭერებს 25 მაისს, 12 საათზე თავისუფლების მოედანზე მობილიზაციისკენ მოუწოდა, რათა, მისი თქმით, ხელისუფლებამ 26 მაისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაბარება ვერ მოახერხოს.

“დიახ, სახალხო კრება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ჩაიბაროს აღლუმი მშვიდად. ეს ჩვენი ღირსების საქმეა,“– განაცხადა მან. 

მისი თქმით, მანამდე, აქციების "კერა“ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შენარჩუნდება.

ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ 25 მაისს შუადღისას მომოტინგეები კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიძრებიან, რათა "ამ ხელისუფლებამ ვერ ჩაიბაროს აღლუმი მშვიდად“.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ათას კაციანი კოლონა დაიძრას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან, ჩვენ მივალთ ფეხით დავდგებით თავისუფლების მოედანზე და გარწმუნებთ პრეზიდენტი აღლუმს მშვიდად ვერ ჩაიბარებს... ჩვენ ვიმოქმედებთ ისე და შემდგომი ნაბიჯები იქნება ისეთი, რომ ჩვენს ხალხთან ერთად ჩვენ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და ჩვენ მოვიპოვებთ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი რუსთაველის გამზირზე იგეგმება.


ქართული ჯარები 18 მაისის ღამით დაგეგმილი აღლუმისთვის რეპეტიციას მართავენ.
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო. 

"ჩვენი მოქმედებები იქნება უკიდურესად მშვიდობიანი, კონსტიტუციურ ფარგლებში, მაგრამ მოქმედებები, რომელიც არის მკვეთრი, ძალიან სერიოზული და რომელსაც ძალიან სერიოზული რაოდენობის ადამიანების მხარდაჭერა სჭირდება,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამ განცხადების გაკეთებამდე მან უთხრა მომიტინგეებს, რომ "ძალიან საიმედო და სანდო წყაროდან“ აქვს ინფორმაცია, რომ „ქართულმა ჯარმა შეთავაზებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში აწიოს ხელი ქართველ ხალხზე, განაცხადა კატეგორიული უარი“.


აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ ბურჯანაძის განცხადებას, რომ აქცია
25 მაისს კოსტავას გამზირიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს იმისათვის, რომ
სააკაშვილმა ვერ ჩაიბაროს აღლუმი მშვიდად.  áƒ¤áƒáƒ¢áƒ: გურამ მურადოვი/Civil.ge

25 მაისს აქციის გამართვას ასევე გეგმავს ქართული პარტია, რომელმაც განაცახდა, რომ „გადამწყვეტი ბრძოლა“ სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად 25 მაისს ავლაბრის მოედანზე გაიმართება და ეს უნდა იქცეს „ქართველი ხალხის მრისხანების დღედ“. 

ავლაბრის მოედანი თავისუფლების მოედნიდან, სადაც 25 მაისს სახალხო კრების აქცია იგეგმება, დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ცალკე გაკეთებულ განცხადებაში ბურჯანაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ სახალხო კრების გადაწყვეტილება თავისუფლების მოედანზე გამართოს აქცია "კოორდინირებულია“ ქართულ პარტიასთან.

"ჩვენ კოორდინირებული კომუნიკაცია გვაქვს, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და ეს კოორდინაცია გაგრძელდება,“ – განაცხადა მან ქართული პარტიასთან დაკავშირებით.

 

Civil.Ge © 2001-2024