ბურჯანაძე ქართული პარტიის გადაწყვეტილების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 May.'11 / 15:05

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართულ პარტიასთან ერთობლივ ტაქტიკაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგანაც მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ რა გეგმები ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს და ქართული პარტიის ერთ–ერთ დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს.

ქართულმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოვა და ასევე მიიღო „ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქციის გაუქმების თაობაზე. ამის მოტივად პარტიამ ნინო ბურჯანაძესთან და სახალხო კრებასთან შეუთანხმებლობა დაასახელა. ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ბურჯანაძეს „აქვს გარკვეული ეჭვები ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მამაკაცებს არ ყოფნით იმდენი ვაჟკაცობა, რომ თავის გადაწყვეტილებებზე თვითონ აგონ პასუხი და თავისი გადაწყვეტილებები ან არ განაცხადონ, ან ბოლომდე მიიყვანონ და ყოველთვის პოულობენ ვინმეს, ვისაც შეუძლიათ გადააბრალონ თავიანთი სიმხდალე და თავიანთი სისუსტე,“ – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ქართული პარტიის განცხადების კომენტირებისას. 

„ჩემის მხრიდან იყო დასმული ერთადერთი შეკითხვა ქართული პარტიის წარმომადგენლების წინაშე, რომელზეც მე პასუხი ვერ მივიღე ბატონი ლევან გაჩეჩილაძისგან და ბატონი სოზარ სუბარისგან. უფრო სწორად მათ მითხრეს, რომ თავად არ იციან ოქრუაშვილის გეგმების შესახებ არაფერი. ჩემი შეკითხვა იყო ერთადერთი – როგორ აპირებს ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოსვლას. ის აპირებს ჩამოვიდეს, როგორც პოლიტიკოსი და იბრძოლოს პოლიტიკური მეთოდებით და მშვიდობიანი მეთოდებით, თუ ის აპირებს ან ცხინვალიდან ან სხვა რომელიმე რეგიონიდან შემოსვლას და ძალისმიერი მეთოდების   გამოყენებასაც. იმიტომ, რომ გახსოვთ მაესტროდან მისი მხრიდან იყო გაკეთებული განცხადება, რომ ის ყველა მეთოდით აპირებს ბრძოლს,“ – განაცხადა მან.

„მე ვფიქრობ, რომ ჩემი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე ვალდებული ვიყავი, რომ გამერკვია ეს საკითხი.  იმიტომ, რომ ახლა  თუ ბატონი ოქრუაშვილი ან ცხინვალიდან ან სხვა რომელიმე სხვა რეგიონიდან აპირებდა შემოსვლას და ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლას, ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში არ შედგებოდა შეთანხმება. ვფიქრობ საქართველოში არ აღმოჩნდება არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ამ კითხვების დასმა ჩემის მხრიდან არ იყო ლეგიტიმური. ამ კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნებოდა ბუნებრივია შესაბამისი,“ – დასძინა ბურჯანაძემ.

 

Civil.Ge © 2001-2024