საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'11 / 14:42


ნინო ბურჯანაძე 25 მაისს აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. 
ფოტო:გურამ მურადოვი/Civil.ge

სახალხო კრების მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც აქცია ბოლო ხუთი დღის განმავლობაში იმართებოდა.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თუ თავისუფლების მოედანზე დღის 3 საათისთვის საკმარისი ხალხი არ შეიკრიბება, სახალხო კრება თავის ბრძოლის მეთოდებს შეცვლის.

"ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც ან სახელმწიფო გადატრიალებას ან პუჩს მოაწყობენ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს, "მე მგონი ჩვენგან ამას არც არავინ ელოდა“.

მისი თქმით, აქციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, იგი ამას „ქართველი ხალხის“ და „პირადად მისი, როგორც მოქალაქის მარცხად“ ჩათვლის.

„პოლიტიკურად ჩვენ ნამდვილად არ დავმარცხებულვართ,“ – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს, "ჩვენ ვართ პოლიტიკურად გამარჯვებული იმიტომ, რომ ჩვენ დავადასტურეთ – სახალხო კრებამ, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც არ ვიტყუებით, ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც ყველაფერი გავაკეთეთ შესაძლებელი და შეუძლებელი იმისათვის, რომ დიქტატორული რეჟიმის პირობებში ადამიანებისათვის მიგვეცა პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ყველაფერი არის დამოკიდებული ხალხის აქტიურობაზე. 


მომიტინგეები კოსტავას გამზირზე 25 მაისს. ფოტო:გურამ მურადოვი/Civil.ge

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალა არის ხალხში... არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას, მაგრამ არც ნინო ბურჯანაძეა კიტოვანი და იოსელიანი და არც ირაკლი ბათიაშვილი. ხალხი იქნება, იქნება გამარჯვება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ძნელია ახლა "რაიმეს პროგნოზირება“, მაშინ როცა ზოგიერთი ტელევიზიებით აცხადებენ თითქოს აქცია იშლება,  მიდის მოსახლეობის "დატერორება“ და ასევე "ამას ხელი შეუწყო სააკაშვილთან  შეკრულმა ოპოზიციამ კიწმარიშვილი, ოქრუაშვილის და სამწუხაროდ, სუბარის ჩათვლით“. 

მან აქციაზე გამოსვლისას ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციებთან მიმართებაში პასიურობის გამო გააკრიტიკა. 

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე შემოგვიერთდება და ძალიან ბევრნი ვიქნებით დღეს, მიუხედავად იმისა, რომ  სამარცხვინოდ, ამ წუთებამდე, ყოველ შემთხვევაში ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა არ გამოგიცხადათ თქვენ არანაირი თანადგომა, არცერთმა, სამწუხაროდ ხმა არ აიმაღლა იმ დაჭერებზე, იმ თავპირის მტვრევაზე, იმ დაყაჩაღებებზე ადამიანებისა, რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში,“– განუცხადა მან აქციაზე შეკრებილ მომიტინგეებს.

Civil.Ge © 2001-2024