![]() |
|||
სახალხო კრებამ განაცხადა აქციაზე, რომ ისინი მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან პარლამენტის წინ, რათა ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების საშუალება არ მისცენ. "ვიცდით დღეს აქ, დაახლოებით, 16 თუ 15 საათი, რომ სააკაშვილმა ვერ ჩაიბაროს ეს აღლუმი,“– მიმართა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს. “ან ჩვენი სამშობლო 20 და 30 წლის განმავლობაში ვეღარ ეღირსება ვერც დემოკრატიას, ვერც რეალურ თავისუფლებას, ვერც რეალურ განვითარებას, ვერც იმ პრობლემების მოგვარებას, რა პრობლემებიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. “ჩვენ უნდა გავუძლოთ და რამდენიმე საათი ვიყოთ აქ ფეხმოუცვლელი. ჩვენ უნდა გავათენოთ ეს ღამე,“– განაცხადა მან. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილი აღლუმი აუცილებლად ჩატარდება. "არ გამოვრიცხავთ, რომ მოხდეს დარბევა ამაღამ,“ – განაცხადა სახალხო კრების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა. სახალხო კრებას წინასწარ არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება პარლამენტის წინ აქციის გამართვის თაობაზე. თავდაპირველად კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ გადანაცვლება და იქ აქციის ჩატარება იგეგმებოდა. თუმცა აქციის მონაწილეებმა, საბოლოო ჯამში, პარლამენტის წინა ტერიტორია დაიკავეს, სადაც აღლუმისთვის საგანგებო სცენა მონტაჟდებოდა. მომიტინგეების მიერ პარლამენტის მდებარე ტერიტორიის დაკავებიდან, დაახლოებით, საათნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარულად გადაღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის ზოგიერთი მონაწილე ცდილობს პირების დაყოლიებას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებაზე. პარლამენტის ჭიშკარი შიგნიდანაა გამაგრებული რკინის ძელებით იმ შემთხვევისთვის, თუ ხალხი შიგნით შეღწევას შეეცდება.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025