მერია დემონსტრაციის ადგილის შეცვლისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'11 / 20:44

დედაქალაქის მერია მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო ალტერნატიულ ადგილას გადაინაცვლონ.

აქციის ორგანიზატორთა განაცხადის მიხედვით, მიტინგების ჩატარების თარიღია 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით პერიოდი, აცხადებს მერია.

“ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე და ტრადიციულად ეს დღე აღინიშნება სხვადასხვა სახის ღონისძიებებით. შესაბამისად დემონსტრაცია ვერ ჩატარდება თავისუფლების მოედანზე და ვერც რუსთაველის გამზირზე და ასევე ვარდების მოედანზეც,“– ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

“აქედან გამომდინარე დემონსტრაციის მონაწილეებმა შესაძლოა გადაინაცვლონ თბილისის ნებისმიერ ადგილას მაგალითად ვაკის პარკში, დედაენის ბაღში ან ვერის ბაღში,“– აცხადებს დედაქალაქის მერია.

აქციის ორგანიზატორმა და "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახალხო კრების აქტივისტები ღამის გათენებას აპირებენ პარლამენტის წინ. მან ხელისუფლებას 26 მაისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩატარების გეგმების შეცვლისკენ მოუწოდა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თანახმად, აქციის შესახებ  ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა არსებობს მაშინ, თუ ის ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება; ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა ამგვარ ღონისძიებას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, „ანდა სხვა მასობრივ აქციას“.

კანონის თანახმად, წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს მიმართავს მოთხოვნით, გაათავისუფლონ სავალი ნაწილი, რასაც აქციის მონაწილეები ვალდებული არიან, რომ დაემორჩილონ.

“მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე,“– ნათქვამია კანონში. 

კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას. 

„ხელისუფლება უფლებამოსილია შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაციები რომელიც, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იმართება,"– ნათქვამია კანონში.

 

Civil.Ge © 2001-2024