მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 May.'11 / 22:15

პოლიციასთან დაპირისპირების ალბათობა იზრდება იმ ფონზე, როცა სახალხო კრების აქციის მონაწილეები არ აპირებენ დაემორჩილონ მერიის მოწოდებას აქციის ადგილის შეცვლის და მისი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ალტერნატიულ ადგილას გადატანის თაობაზე. 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თანახმად, აქციის შესახებ  ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა არსებობს მაშინ, თუ ის ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება; ამ გაფრთხილებას ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა ამგვარ ღონისძიებას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, "ანდა სხვა მასობრივ აქციას“; და ასევე მაშინ, როცა áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ ჩატარება "არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს". 

თბილისის მერიის განცხადებით, სახალხო კრების აქციის ორგანიზატორებმა განაცხადში მანიფესტაციების გამართვის თარიღად 21–დან 25 მაისის ჩათვლით პერიოდი დაასახელეს.

კანონის თანახმად, წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა.

აგრეთვე აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით.

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს მიმართავს მოთხოვნით, გაათავისუფლონ სავალი ნაწილი, რასაც აქციის მონაწილეები ვალდებული არიან, რომ დაემორჩილონ.

“მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე,“– ნათქვამია კანონში.

კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას.

„ხელისუფლება უფლებამოსილია შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაციები რომელიც, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იმართება,"– ნათქვამია კანონში.

Civil.Ge © 2001-2024