უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, პოლიციამ ძალას გადაამეტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'11 / 04:52

საპროტესტო აქციის დაშლისას სახეზეა პოლიციის მხრიდან "ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები", ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.

"იმ შემთხვევაშიც კი, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ყოფილიყო ლეგიტიმური, მედიით გავრცელებული კადრები, აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც "პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე,“– ნათქვამია მათ პირველად განცხადებაში.

"მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია,“– აცხადებს ორი ორგანიზაცია.

ამასთან, საია მზადა სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაკავებულ პირს.

აქციის დაშლისას ათობით მომიტინგე, თუმცა შესაძლოა ასზე მეტიც დააპატიმრეს, მაგრამ დაკავებულთა ზუსტი ოდენობა ხელისუფლებას ჯერ–ჯერობით არ გამოუქვეყნებია; შსს–მ განაცხადა, რომ ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს. დაკავებულთა შორის იყო ასევე, სულ მცირე, ერთი ჟურნალისტი სააგენტო "ინტერპრესნიუსიდან“, რომელიც პოლიციის განყოფილებაში áƒ’ადაყვანის შემდეგ áƒ’აათავისუფლეს.

Civil.Ge © 2001-2024