ოპოზიციური რვიანი აქციის დაშლის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 May.'11 / 12:47

ოპოზიციურმა რვიანმა ხელისუფლება 26 მაისს მომიტინგეთა წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი  მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოში რევოლუციების მოწყობას მომავალი არ აქვს.

ოპოზიციურმა რვიანმა, რომელიც მკაცრად გმობდა სახალხო კრების გეგმებს აქციების დაწყების თაობაზე, განაცხადა, რომ აქციის დარბევა მიზნად ისახავდა „არა დემონსტრაციის კანონიერად დაშლას, არამედ აქციის რაც შეიძლება მეტი მონაწილის დაკავებას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და სამაგალითოდ დასჯას“.

"მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პირმა და ამ გადაწყვეტილების შემსრულებლებმა გადააჭარბეს საკუთარ უფლებამოსილებას და კიდევ ერთხელ იძალადეს მოქალაქეებზე, რის გამოც ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებული პასუხიმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე“.

„ამასთანავე, ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რევოლუციური გზის უპერსპექტივობა და ის გაუმართლებელი რისკები, რაც ამ შემთხვევაში ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას ემუქრება.“ – ნათქვამია ოპოზიციური რვიანის განცხადებაში.

ოპოზიციური რვიანი „სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე“ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების მეტი კონსოლიდაციისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა „დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერით, სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის გზით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, როგორც დღევანდელი ხელისუფლების, ისე რევოლუციური რყევებისგან“.

რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფში შედიან ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, საქართველოს გზა, თავისუფალი დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ხალხის პარტია, რომლებიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გზით ცდილობენ საარჩევნო გარემოს რეფორმის მიღწევას.

Civil.Ge © 2001-2024