კალანდაძე აფხაზეთის ლიდერის გარდაცვალების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 May.'11 / 17:15

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების გამო "ჩვენთვის ვითარება ამ ეტაპზე განსაკუთრებულად არ იცვლება“.

62 წლის სერგეი ბაღაფში კვირას დილით მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მარჯვენა ფილტვზე ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი გაურთულდა, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ.

სეპარატისტული აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს, ვიდრე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

კალანდაძემ ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და მოსკოვიდან იმართება, "ძალიან ძნელი გასაკეთებელია ნებისმიერი პროგნოზი“.

მისი თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები სეპარატისტულ რეგიონში, "იქნება ეს არალეგიტიმური არჩევნების ფორმით თუ რაიმე სხვა სახით“, საქართველოს "არც ერთ ტერიტორიაზე განყენებულად არავის აქვს უფლება დამოუკიდებელი, სეპარატისტული არჩევნები ჩაატაროს“.

Civil.Ge © 2001-2024