პარლამენტმა 575 მლნ აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 May.'11 / 16:29

საქართველოს პარლამენტმა 31 მაისს იმ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანმა საქართველოს ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის დასასრულებლად გრძელვადიანი სესხის სახით, დამატებით, 575 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

სესხს სახელმწიფო კომპანია შპს "მარაბდა–კარწახის რკინიგზა" მიიღებს, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და რომელიც რეგიონალური სარკინიგზო პროექტის ქართულ მონაკვეთს კურირებს.

2007 წელს აზერბაიჯანი თბილისისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის სესხის გამოყოფას დათანხმდა რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის და რეაბილიტაციის დასაფინანსებად. ახალი შეთანხმების შედეგად, სესხის áƒ›áƒ—ლიანი მოცულობა 775 მილიონ აშშ დოლარამდე იზრდება. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სესხი დაიფარება áƒ˜áƒ› მოგებიდან, რომელსაც რკინიგზა მომავალი წლიდან, ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ მიიღებს.

აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყეს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კმ, საიდანაც საქართველოს მხარეს არის 30-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, ხოლო თურქეთის მხარესაა კარწახიდან ყარსამდე 68 კმ სიგრძის მონაკვეთი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალქალაქში ახალი რკინიგზის სადგური აშენდება.

Civil.Ge © 2001-2024