კოალიცია 26 მაისის მოვლენების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Jun.'11 / 12:07

მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შექმნილმა კოალიციამ დაგმო 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების ათზე მეტი შემთხვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა. 

კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც აპრილში ჩამოყალიბდა,  ასევე მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რაც მათთვის ვიდეო და ფოტო კამერების, დიქტაფონების და მობილური ტელეფონების ჩამორთმევაში ან დაზიანებაში გამოიხატა.

31 მაისს კოალიციამ მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გაუშვა. ფილმი შეიცავს ინტერვიუებს იმ რამდენიმე ჟურნალისტთან, რომლებიც აქციის დაშლის დროს დაზარალდნენ.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა 27 მაისს, რომ საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის, დაკავების და დაკითხვის ფაქტები "შემაშფოთებელია“.

27 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში "რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აცხადებს, რომ ის "ძლიერ შოკირებულია“ იმ ძალადობის გამო, რომელსაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი. 

 

 

Civil.Ge © 2001-2024