ბაინდურაშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტზე მისმა მოადგილემ შეცვალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jun.'11 / 16:32

კახა ბაინდურაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე მისმა მოადგილემ, დიმიტრი გვინდაძემ შეცვალა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 17 ივნისს. 

მან ასევე განაცხადა, რომ ბაინდურაშვილმა, რომელსაც ფინანსთა მინისტრის პოსტი 2009 წლის თებერვლიდან ეკავა, თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა და  იგი „საქართველოს ფოსტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდება.

შარშან ოქტომბერში მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო მის მფლობელობაში არსებული შპს „საქართველოს ფოსტის” გაყიდვას აპირებს, თუმცა მისი პრივატიზება ჯერ არ განხორციელებულა.

ახალ ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს მინისტრის მოადგილის პოსტი 2005 წლიდან ეკავა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სწორედ გვინდაძის წარმატებული მუშაობის შედეგია აპრილში 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  ევროობლიგაციების განთავსება წინა ობლიგაციების რეფინანსირების მიზნით.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024