მამუკა კაციტაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პავლე კუბლაშვილს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jun.'11 / 15:09

ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ და საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე მმართველი პარტიის მთავარმა მომლაპარაკებელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადეს, რომ 17 ივნისს მათ შორის "ხანმოკლე შეხვედრა“ გაიმართა.

"მე მივიღე ერთმნიშვნელოვნად პასუხი, რომ რამდენიმე დღეში ხელისუფლება იქნება მზად კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პასუხები, კონკრეტული შემოთავაზებები გააკეთოს ჩვენს წინადადებებზე, რომელთა საფუძველზეც შესაძლებლად თვლიან ისინი, რომ შედგება შეთანხმება,“ – განუცხადა მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია "მაესტროს“.

მისი თქმით, მმართველი პარტია ამგვარ შემოთავაზებას ერთი კვირის ვადაში გააკეთებს.

"შემდეგ უკვე "რვიანი“ იმსჯელებს და გადაწყვეტს ღირს ეს ყველაფერი საქმედ, ითვლება ეს ყველაფერი საარჩევნო გარემოს შეცვლად, თუ ეს ყველაფერი არის კვლავინდებურად ფიქცია", – განაცხადა კაციტაძემ.

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა Civil.ge–ს 18 ივნისს, რომ ორივე მხარე შეეცდება დააახლოვოს პოზიციები იმ შემოთავაზებების საფუძველზე, რომლებიც მხარეებმა უკვე წამოაყენეს. მას მხედველობაში ჰქონდა მმართველი პარტიის მიერ 9 მარტს წარმოდგენილი წინადადებები და ოპოზიციური რვიანის 5 აპრილის შემოთავაზება.

"დრო გვიჩვენებს რამდენად შევძლებთ პოზიციების შეჯერებას", – განაცხადა კუბლაშვილმა.

მან ასევე მიანიშნა, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ფორმატის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებები 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მარტამდე მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა. კუბლაშვილმა განაცხადა, რომ "უფრო ეფექტური“ იქნება "ინდივიდუალური კონსულტაციების“ გამართვა ცალკეულ პარტიებთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრა ოპოზიციურ წარმომადგენელთან, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება.

 

Civil.Ge © 2001-2024