კვლევის თანახმად, ახალი ამბებისადმი მაყურებლის ინტერესი კვლავ მაღალია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jun.'11 / 19:04

ქართული მედიის შესახებ ახალი ყოვლისმომცველი კვლევის თანახმად, ახალი ამბებისადმი მოსახლეობის ინტერესი კვლავ მაღალია და რესპონდენტთა 83% ყოველდღიურად ადევნებს თვალს ახალ ამბებს ნაციონალურ ტელეარხებზე.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ მედიის საკითხებზე მომზადებული კვლევა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 2011 წლის მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში 2 000–ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა. (კვლევის ზოგიერთი ასპექტების მოკლე პრეზენტაცია pdf ფორმატშია ხელმისაწვდომი; მისი სრული ვერსიის ნახვა კი ამ ბმულზეა áƒ¨áƒ”საძლებელი).

კვლევა CRRC–ის მიერ 2009 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მსგავსია და ისევე როგორც წლინახევრის წინ, ამჟამინდელმა კვლევამაც აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმეტესობა ახალი ამბების ყურებას ყოველდღე, დაახლოებით, 1–2 საათს უთმობს.

კვლევის თანახმად, გასართობი სატელევიზიო პროგრამების, კერძოდ კი კომედიური შოუების პოპულარობა გაზრდილია.

„თუმცა გასართობი შოუების მიმართ ინტერესის ზრდა არ მომხდარა ახალი ამბების და მიმდინარე მოვლენების მიმართ ინტერესის კლების ხარჯზე, რაც კვლავ მაღალი რჩება,“ – განუცხადა CRRC–საქართველოს áƒ“ირექტორმა კობა თურმანიძემ Civil.ge-ს.

წინა კვლევის მსგავსად, წლევანდელ კვლევაშიც მაყურებელთა მოთხოვნა საგამოძიებო რეპორტაჟებზე კვლავაც მაღალია.

საგრძნობი ცვლილებები, რომლებიც 2009 წლის ოქტომბრის კვლევასთან შედარებით დაფიქსირდა, ძირითადად ინტერნეტის მოხმარებას უკავშირდება. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც აცხადებენ, რომ თავისუფალ დროს ინტერნეტის გამოყენებას ამჯობინებს, ორზე მეტჯერ იმატა და 20% შეადგინა.

კვლევის თანახმად, 13%–დან 23%–მდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტს ყოველდღიურად მოიხმარენ. რესპონდენტთა 70% აცხადებს, რომ ყველაზე áƒ®áƒ¨áƒ˜áƒ áƒáƒ“ სოციალურ ქსელებს მოიხმარენ.

რესპონდენტთა 88%–ისთვის ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება.

მართალია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვისთვისაც ინტერნეტი ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება, კვლავ დაბალია და 5%–ს შეადგენს (3% იყო 2009 წელს), მაგრამ ეს მაჩვენებელი გაცილებით უსწრებს გაზეთებს და ჟურნალებს; ბეჭდვური მედია ინფორმაციის მთავარ წყაროდ რესპონდენტთა მხოლოდ 2%–ისთვის რჩება, რაც 2009 წლის კვლევის შედეგების ანალოგიური მონაცემია.

იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვისთვისაც ინტერნეტი მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მეორე წყაროს წარმოადგენს, ორზე მეტჯერ  გაიზარდა და 2009 წლის 6%–ის ნაცვლად, წელს 14% შეადგინა. თუმცა, ეს მონაცემი მცირედით ჩამორჩება გაზეთებს და ჟურნალებს, რომლებიც რესპონდენტთა 18%–ისთვის ინფორმაციის მეორე წყაროს წარმოადგენს. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 26% იყო. 

ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“ ყველაზე ყურებადი ტელევიზიებია საქართველოში. რესპონდენტთა 88% და 85%, შესაბამისად, სწორედ ამ ორ მაუწყებელზე ადევნებენ თვალს ახალ ამბებს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 32%–იანი მონაცემით.

სამივე ეს ტელეკომპანია ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს.

რესპონდენტთა 6% და 9% უყურებს ახალ ამბებს შესაბამისად „მაესტროსა“ და „კავკასიაზე“, რომლებიც, ძირითადად, თბილისში მაუწყებლობენ.

რესპონდენტთა 43%–ს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით, 53%–მა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში 48%–მა გასცა ასეთივე პასუხი.

„კავკასიის“ და „მაესტროს“ შემთხვევაში, რესპონდენტთა 38%–მა და 29%–მა, შესაბამისად, განაცხადა, რომ ორივე ტელეკომპანია ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება. ამავე დროს, 46% აცხადებს, რომ არ იცის, თუ ვის ინტერესებს ემსახურება „კავკასია“, ხოლო 56%–მა პასუხი ვერ გასცა იგივე კითხვას „მაესტროსთან“ დაკავშირებით.

რესპონდენტთა 43% აცხადებს, რომ „რუსთავი 2“–ის მიერ გადაცემულ ახალ ამბებს ენდობა; 2009 წელს ეს მაჩვენებელი 37%–ს შეადგენდა. 42%–მა იგივე განაცხადა „იმედთან“ დაკავშირებით – ეს მაჩვენებელი 2009 წლის კვლევაშიც ანალოგიურია. 25%–მა (ნაცვლად წინა კვლევაში არსებული 17%–ისა) განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ამბებს ენდობიან.

ამავე დროს, რესპონდენტთა 42%–ს მიაჩნია, რომ ქართულ მედიაში სიტყვის თავისუფლება არ არსებობს; 2009 წელს ეს მაჩვენებელი 46%–ს შეადგენდა; რესპონდენტთა 34% საწინააღმდეგოს ფიქრობს – 2009 წელს მათი ოდენობა 36%–ს შეადგენდა.

Civil.Ge © 2001-2024