დეპუტატებმა ქუთაისში პარლამენტის გადატანას მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jun.'11 / 17:20

დეპუტატებმა 107 ხმით 1–ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქიდან ქუთაისში სრულად გადატანას მას შემდეგ, რაც სამი დღის წინ კონსტიტუციაში ეს ცვლილება პირველი მოსმენით იქნა მიღებული.

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის ფუნქციას მომდევნო პარლამენტის არჩევის შემდეგ, 2012 წლიდან შეიძენს.

ორი წლის წინ მიღებული კონსტიტუციური შესწორებით განსაზღვრული იყო, რომ ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომები გადავიდოდა, ხოლო სხვა საქმიანობა, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები კვლავაც თბილისში წარიმართებოდა.

შემოთავაზებული ცვლილებებით, პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისი განისაზღვრება და მისი  დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვები იქნება  მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება ამ ცვლილების მიღებას დედაქალაქის პოლიტიკური როლის შესაძლო დაკნინების, მთავრობაზე კონტროლის შესაძლო შესუსტების და იმ მიმდინარე და მოსალოდნელი ხარჯების გამო, რომელიც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობას და მისი შემდგომ ფუნქციონირებას უკავშირდება.

მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ქუთაისში ამჟამად მიმდინარე მშენებლობა, დაახლოებით, 57 მლნ ლარი ჯდება, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატები ეჭვობენ, რომ ეს გაცილებით მეტ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

ცვლილების მეორე მოსმენით განხილვის დროს ქართული დასის ლიდერმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ კვლავაც მოუწოდა იმ „არამიზანშეწონილი“ ხარჯების სრული მოცულობით დასახელებისაკენ, რაც ამ გადაწყვეტილების შესრულებას დასჭირდება.

ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მართალია რაიმე კონკრეტული თანხა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „რა თქმა უნდა, ხარჯიანია“, რის გამოც სხვა დანახარჯების შეზღუდვა გახდება საჭირო. მან ასევე განაცხადა, რომ ეს ცვლილება არ არის თბილისის „დაკნინებისკენ“ მიმართული.  

„ეს რეფორმა არ არის ნაციონალური მოძრაობის ახირება, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად გამყარებისთვის,“– განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ქუთაისში გადასვლის შემდეგ „ინსტიტუციონალურად პარლამენტის ფუნქციონირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის, აპარატისთვის თანამშრომლებისთვის იქნება გაცილებით უკეთესი პირობები, ვიდრე დღეს გვაქვს“.

 

Civil.Ge © 2001-2024