ხაჯიმბა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jun.'11 / 13:05

რაულ ხაჯიმბა პირველი აფხაზი პოლიტიკოსი გახდა, რომლის მხარდამჭერებმაც სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს განაცხადი 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე, იტყობინება „აფსნიპრესი“. 

ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტი იყო 2005–2009 წლებში. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის აწ გარდაცვლილ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიიღო; 2004 წლის ბოლოს გამართული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბაღაფში და ხაჯიმბა ძალაუფლების გაყოფაზე შეთანხმდნენ. შედეგად, ბაღაფში პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა კი ვიცე–პრეზიდენტი.

2009 წლის მაისში ხაჯიმბა ბაღაფშთან უთანხმოების მოტივით გადადგა.

ხაჯიმბამ 2009 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ¡ დროსაც áƒ‘აღაფში მეორე ვადით იქნა არჩეული. რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ბაღაფშის მთავარი კონკურენტი იყო იმ არჩევნებზე, ხმების 15.4% მოიპოვა.

სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ, დაახლოებით, ორი კვირის წინ განაცხადა, რომ იგი არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ერთ–ერთ პოტენციურ კანდიდატად ასევე მოიაზრება სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც საჯარო განცხადება საკუთარი გეგმების შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.

კანდიდატთა წარდგენის ვადა 27 ივნისს დაიწყო და 17 ივლისს ამოიწურება. 

Civil.Ge © 2001-2024