ანქვაბი სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Jun.'11 / 18:07

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, იუწყება 29 ივნისს "აფსნიპრესი“.

სააგენტოს ცნობით 29 ივნისს სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას დაარეგისტრირა ის 19–კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ანქვაბი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

ამ დრომდე ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას კანდიდატურა იყო პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი.

სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

კანდიდატთა წარდგენის ვადა 27 ივნისს დაიწყო და 17 ივლისს ამოიწურება.

58 წლის ანქვაბი აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. იგი 2005 წლიდან სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი იყო, ხოლო 2009 წლის დეკემბერში ბაღაფშის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ვიცე–პრეზიდენტი გახდა.

2005 წლის შემდეგ ანქვაბზე სულ ცოტა ოთხი ან ხუთი თავდასხმა განხორციელდა. ბოლო თავდასხმას 2010 წლის სექტემბერში ჰქონდა ადგილი.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად  ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა, ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი "ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჟებული, სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც, სავარაუდო, ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

2010 წლის სექტემბერში ანქვაბი ხელის და ფეხის არეში დაიჭრა მას შემდეგ, რაც ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი მის კუთვნილ ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა.

არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. დაახლოებით, ორი კვირის წინ მიცემულ áƒ˜áƒœáƒ¢áƒ”რვიუში ანქვაბმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება. მისი თქმით, ამ თავდასხმების უკან შიდა აფხაზური ძალები დგანან.

Civil.Ge © 2001-2024