დაკავებული ოთხი ფოტოგრაფისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jul.'11 / 19:05

7 ივლისს საიდუმლო ინფორმაციის გაცემის ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტოკორესპონდენტისთვის სამართალდამცავებს ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

ადვოკატები არ ფლობენ ინფორმაციას თუ როდის ჩატარდება ეს პროცედურა. 

კანონმდებლობით, ბრალის წაყენება დაკავების მომენტიდან 48 საათში უნდა მოხდეს, ხოლო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი 72 საათში უნდა გადაწყვიტოს.

ერთ–ერთი დაკავებულის, გია აბდალაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზუსტად ცნობილი რა დროს შედგა დაკავების ოქმი, დაპატიმრება, დაახლოებით, ღამის 3 საათზე მოხდა და შესაბამისად, ბრალის წაყენების ვადაც, სავარაუდოდ, ამაღამ სამი საათისთვის იწურება. 

„ზოგადად ბრალს დაკავებისთანავე უყენებენ, რატომ ჭიანურდება ეს პროცესი ამ ხნის განმავლობაში უცნობია ჩვენთვის, სავარაუდოდ ბრალის წაყენება თუ მოხდება ეს იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლი (ჯაშუშობა)“, – განუცხადა ჟურნალისტებს რამაზ ჩინჩალაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გია აბდალაძე კვლავ განაგრძობს შიმშილობას, რაც ასევე დაადასტურა სახალხო დამცველის აპარატმა, რომლის რწმუნებულებმაც დაწესებული მონიტორინგის ფარგლებში ორჯერ მოინახულეს დაკავებულები.

დღესვე ე.წ. მოდულის შენობასთან, სადაც დაკავებული ფოტოკორესპონდენტები იმყოფებიან, „ალია–ჰოლდინგის“ ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად შავი ლენტით აიხვიეს თვალები.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, მთავარი მოთხოვნებია, რომ აღნიშნულ საქმეზე  მოიხსნას გრიფი „საიდუმლო“, ცნობილი გახდეს, თუ რა დანაშაული მიუძღვით დაკავებულებს და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ბრალდებათ.

შსს–მ აღნიშნა 7 ივლისს მოკლე განცხადებაში, რომელშიც დეტალებზე არ უსაუბრია, რომ "დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება“. ოთხი ფოტოკორესპონდენტის საქმის მასალებს გრიფი "საიდუმლო" დაედო იმ მოტივით, რომ ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს.

8 ივლისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც იცავს დაკავებულ ირაკლი და ნათია გედენიძეებსა და ზურაბ ქურციკიძეს, მოუწოდა შსს–ს, რომ "საკუთარი ინიციატივით გაასაჯაროოს საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და აგრეთვე "საზოგადოებას, ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით, წარმოუდგინოს დამაჯერებელი არგუმენტები საქმისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციები საქმესთან დაკავშირებით შეუძლებელია იქნას გახმოვანებული.

"ვფიქრობ, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე, როგორც შსს, ისე პროკურატურის ორგანოები საზოგადოების ინტერესს ამ ნაწილში დააკმაყოფილებენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, "თუ იქნება შესაძლებელი ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ დროულად და სრულად იქნება მიწოდებული“.

 

Civil.Ge © 2001-2024