'რეპორტიორები საზღვრებს გარეშე' ფოტოგრაფების საქმის გამჭირვალობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jul.'11 / 19:30

მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განაცხადა, რომ ის "შეწუხებულია“ კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით ოთხი ქართველი ფოტოჟურნალისტის დაკავების გამო და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას საქმის გამჭვირვალობა უზრუნველყოს. აღნიშნულ საქმეს გრიფით "საიდუმლო“ ადევს და მისი დეტალები უცნობია.

"ვინაიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია ბრალდებების არსზე პოზიციის ჩამოყალიბება, მიგვაჩნია, რომ უკიდურესი გამჭირვალობაა საჭირო იმ ეჭვების გასაქარწყლებლად, რომ დაპატიმრება პოლიტიკურადაა მოტივირებული“, –  განაცხადა ჯგუფმა 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

"რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოვალეობაა დაიცვას ეროვნული ინტერესები, მაგრამ საქართველოში ჯაშუშობის მიმართ არსებულმა შიშმა არ უნდა გააღვივოს მედიის დაშინების კლიმატი და უსაფრთხოების იმპერატივმა დემოკრატიული პრინციპები არ უნდა გადაწონოს,” –  ნათქვამია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“–ს განცხადებაში. 

"მოვუწოდებთ კონტრდაზვერვის და სასამართლო უწყებებს მშვიდი და ობიექტური გამოძიება აწარმოონ, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი პროცედურების და ბრალდებულთა უფლებების პატივისცემა", – ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024