სააკაშვილის თქმით, დაკავებული პირადი ფოტოგრაფის საქმის დეტალებს არ იცნობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jul.'11 / 10:00

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი „ძალიან შეწუხდა“, როდესაც გაიგო, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი მისი პირადი ფოტოგრაფის, რომელსაც ჯაშუშური ქსელისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ედება ბრალად, დაკავებას გეგმავდა.

ირაკლი გედენიძე და კიდევ სამი ფოტოჟურნალისტი, მათ შორის გედენიძის მეუღლე, 7 ივლისს ღამით დააპატიმრეს.

7 ივლისს რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“–სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან პრაქტიკულად ნახევარი საათით ადრე გაიგო, რომ პოლიცია მისი პირადი ფოტოგრაფის დაკავებას აპირებდა.

"მე ნამდვილად არ ვიცი საქმის დეტალები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მან ამის შესახებ გაიგო, "საქმე უკვე გაკეთებული იყო“. მან იქვე დასძინა, რომ ეს იმის მაგალითია, რომ მსგავსი საქმეების გამოძიება პრეზიდენტის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

"და ეს სწორი მიდგომაა, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ჩემს გარეშეც შეუძლიათ საქმის მომზადება და ეს სწორია, რადგანაც საქმეს ამზადებენ პირად ფოტოგრაფზეც და ჩემს ნათესავებზეც“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მის ნათესავებსაც შეხებიათ გამოძიება; თუმცა, მან დეტალები არ დააკონკრეტა.

"ამ კუთხით არ არსებობს შეზღუდვები... ეს უბრალოდ კანონის უზენაესობაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„რაც შეეხება ჩემს პირად ფოტოგრაფს, მე ძალიან შემწუხდი და ახლაც ძალიან, ძალიან შეწუხებული ვარ. მაგრამ აქ ჩემი პირადი გრძნობები მეორეხარისხოვანია; არაფერი პირადი, მხოლოდ საქმე“, – დასძინა მან.    

 

Civil.Ge © 2001-2024