მედიის ადვოკატირების კოალიცია ფოტოგრაფების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jul.'11 / 12:40

მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შექმნილმა კოალიციამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფების საქმეზე საჯარო ინფორმაციის ნაკლებობის და სახელმწიფოს მხრიდან სანდო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, საქართველოში მოქმედ ყველა თავისუფალ ჟურნალისტს "საფრთხის განცდა აქვს“.  

"’ფოტოგრაფების საქმემ’  უპრეცედენტოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, რადგანაც მისი შედეგები და მიმდინარეობა პირდაპირ აისახება საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების პერსპექტივებზე. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს საქმის სრულ გასაჯაროებას“, – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.  

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შსს–ს მიერ 9 ივლისს გამოქვეყნებულმა ვერც ერთმა მტკიცებულებამ ვერ გაამყარა ფოტოგრაფების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების საფუძვლიანობა. კოალიციის თქმით, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენებაც კი არ არის „უტყუარი დასტური“ იმისა, რომ ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე  ერთ–ერთი ჯაშუშური ქსელის დავალებით მუშაობდნენ.

"მიგვაჩნია, რომ დღეს  ინფორმაციის სიმწირის გამო, საზოგადოებას საშუალება არ აქვს, სრულფასოვნად შეაფასოს მოვლენები და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ინფორმაცია ფრაგმენტული და არადამაჯერებელია. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება განზრახ უმალავს საზოგადოებას საქმის დეტალებს და ზეწოლას ახდენს ქართული მედიის წარმომადგენლებზე“, – განაცხადა მედიის ადვოკატირების კოალიციამ.  

ჯგუფის განცხადებით, საქმის გაუმჭვირვალედ წარმართვის გამო საქართველოში მოქმედ ყველა თავისუფალ ჟურნალისტს „საფრთხის განცდა აქვს“, რადგანაც „სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მეთოდით ნებისმიერი თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება დაისაჯოს“. 

საქმეზე გრიფის "საიდუმლო" მოხსნა და გამჭირვალე გამოძიების ჩატარება „საქართველოს მთავრობის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“, განაცხადა კოალიციამ.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის იგნორირება. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში საქმის დეტალები არ იქნება ცნობილი, აღნიშნული ქმედება ხელისუფლების  მხრიდან საქართველოს მედიასივრცესა და ქართულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირ წნეხად, დაკავებული პირები კი სინდისის პატიმრებად ჩაითვლებიან, რის გამოც მივმართავთ  სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას და გამოვიყენებთ საზოგადოებრივი ზეწოლის ყველა საშუალებას ჟურნალისტების პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Civil.Ge © 2001-2024