სახალხო დამცველი დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jul.'11 / 11:32

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა თავი შეიკავა ფოტორეპორტიორების საქმეზე "საიდუმლო“ გრიფის მოხსნა მოეთხოვა და სანაცვლოდ áƒ’ამომძიებლებს áƒ˜áƒ› áƒ“ოკუმენტების გამიჯვნა ურჩია საქმის სხვა მასალებისაგან, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.

11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენლებმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამი ფოტოგრაფი – ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის თქმით, არც ერთ მათგანს ციხის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამს.    

„გ.აბდალაძე და ზ.ქურციკიძე ითხოვენ მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გასაჯაროებას და აღნიშნული მოთხოვნით გ.აბდალაძე აგრძელებს შიმშილობას“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა. 

ამავე განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს.

„შესაბამისად, შეუძლებელია ჩვენი მხრიდან შეფასდეს საქმის მასალების გასაიდუმლოების მიზანშეწონილობა და კანონშესაბამისობა“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა. 

„ამავდროულად აღნიშნული საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული პირები ფოტორეპორტიორები არიან, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ მოხდეს იმ დოკუმენტების საქმის სხვა მასალებისაგან გამიჯვნა, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმის მასალათა ნაწილი თავად გახადა საჯარო გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ. შესაბამისად, თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო გახადოს საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება, აუცილებელია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მხრიდან ზუსტად მოხდეს კონკრეტული მტკიცებულების შეფასება და მისი საიდუმლოების საკითხის გადაწყვეტა“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა. 

იმავდროულად, ჟურნალისტების ჯგუფი 12 ივლისს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს – ამჯერად პარლამენტის წინ, რათა კიდევ ერთხელ მოითხოვონ საქმის გასაჯაროება. ანალოგიური მოთხოვნით ჟურნალისტებმა აქცია 11 ივლისსაც გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ.    

Civil.Ge © 2001-2024