რუსეთის საგარეო უწყების მორიგი კომენტარი დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jul.'11 / 18:20

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველი ფოტოგრაფების საქმე თბილისის "ანტირუსული ისტერიის“ ნაწილია.

"შემიძლია მხოლოდ კონსტანტაცია მოვახდინო, რომ თბილისში ანტირუსული ისტერია კვლავ იკრებს ძალებს. ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მსოფლიო თანამეგობრობა და საკუთარი მოსახლეობა იმაში, რომ საქართველო გადავსებულია რუსი ჯაშუშებით და დივერსანტებით, რომლებსაც მამაცი ადგილობრივი სპეცსამსახურები ებრძვიან მუხლმოუდრეკლად,“– განაცხადა ლუკაშვიჩმა ამ თემაზე გაკეთებულ თავის მეორე კომენტარში.

“ამჯერად  „ჯაშუშების ისტორიების“ ავტორებს უკვე დასჭირდათ პერსონაჟებად ქართველი ფოტოგრაფები. მინდა გამოვხატო გულწრფელი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც თბილისის ხელისუფლების მორიგ მსხვერპლად იქცნენ“, – აღნიშნა მან.

ლუკაშევიჩი თავის განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, ასევე შეეხო იური სკრილნიკოვის გასამართლების ფაქტს. 

6 ივლისს ბათუმის სასამართლომ დანარჩენ რვა პირთან, მათ შორის რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქესთან ერთად, სკრილნიკოვი საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშუბაში ცნო დამნაშავედ და 14–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე სკრილნიკოვი, რომელიც წარსულში ბათუმის რუსულ სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, 2010 წლის მაისში დააკავეს და ყალბი ფულის დამზადება– გავრცელების ბრალდებით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

“კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორც ხდებიან ანტირუსული პარანოიის მძევლები უდანაშაულო ადამიანები, არის რუსეთის მოქალაქე სკრილნიკოვი. ადრე მას საქართველოში 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც მას თითქოსდა აღმოუჩინეს ყალბი ვალუტა. ამა წლის 7 ივლისს ქართულმა სასამართლომ "დანიშნა“ ის "გრუ–ს მეკავშირედ“ და მიუსაჯა დამატებით 14 წლით პატიმრობა“, – აცხადებს ლუკაშევიჩი.
 
მისი თქმით, რუსული მხარე შვეიცარიის დიპლომატიური შუამავლობით ცდილობს, რათა "მივაღწიოთ უკანონობის შეწყვეტას რუსეთის მოქალაქეების მიმართ“.

Civil.Ge © 2001-2024