ბოკერია დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების საქმეზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jul.'11 / 11:48

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ "შეთქმულების თეორია“ და "უსაფუძვლო“ უწოდა იმ შეხედულებას, რომ ფოტორეპორტიორების დაკავება შესაძლოა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო.

"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის შეთქმულების თეორიები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მოვისმინე, რომ ეს არის რაღაც ფორმით პრესის თავისუფლების შეზღუდვა ან მედიის წინააღმდეგ კამპანია შესაძლო დიდი ალბათობით და ა.შ.“, – განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ 12 ივლისს.

"რაღაც საფუძველი ამ ტიპის შეთქმულების თეორიას უნდა ჰქონდეს, არ შეიძლება ასე სროლა სიტყვების, როცა არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ შემთხვევაში. და კარგი იქნებოდა, თუ ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არიან შეწუხებულები ან პერსონალურად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ტიპის განგაშის ზარების შემოკვრას ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი განცხადებით, იმის თქმა, რომ ფოტოგრაფები იმიტომ დააპატიმრეს, რომ მათ 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის სურათები გადაიღეს და გაავრცელეს "ღრმა შეთქმულების თეორიაა“.

ბოკერიას თქმით, ამ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მისთვის "თავისთავად გასაგებია“.

"თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ არსებობს გარანტირებული უფლება კონსტიტუციური თუ სხვაგვარი, რომ ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო პროცესი იყოს მთლიანად გახსნილი. იმიტომ, რომ სწორედ იმიტომ არსებობს ის დათქმები გაკეთებული კანონმდებლობაში, რომ ამ ტიპის საქმეები შეიძლება საჭიროებდეს და აუცილებელიც იყოს, რომ ყველა ინფორმაცია არ გახდეს გამჭირვალე. მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. ეს არ არის ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება. ეს არის გამოძიების, ბრალდების, შემდეგ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.

მედია აქტივისტების და ჟურნალისტების ჯგუფი აქტიურ კამპანიას მართავს, მათ შორის საპროტესტო აქციების და თბილისში აკრედიტებულ დასავლელ დიპლომატებთან შეხვედრების გზით. ისინი ფოტორეპორტიორების საქმეზე "საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვენ.  

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტების და მედია აქტივისტების ჯგუფს 13 ივლისს შეხვდება – საქმეზე "საიდუმლო“ გრიფის მოხსნასთან ერთად ჟურნალისტები მერაბიშვილთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ასევე განაცხადა 12 ივლისს, რომ ფოტორეპორტიორების საქმე ეხება "ძალიან სერიოზულ ბრალდებებს“ და არა მათ ჟურნალისტურ საქმიანობას.    

 

Civil.Ge © 2001-2024