სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფში ჩართულობა სურთ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jul.'11 / 17:10

ოთხი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე ინტერპარტიულ სარედაქციო ჯგუფს პროცესის გამჭირვალობისაკენ, მასში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვისკენ და იმგვარი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც "ამომრჩეველთა ინტერესებს ასახავს".

13 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავენ, რომ გამჭირვალობა "გაზრდის საზოგადოების ნდობის ხარისხს ამ პროცესის მიმართ“.

ეს áƒáƒ áƒ’ანიზაციები "დაუბრკოლებლად" ესწრებოდნენ ნოემბერ–მარტში საარჩევნო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ფორმატის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების ინდივიდუალურ რეჟიმში გადასვლის შემდეგ ისინი პროცესს გამოეთიშნენ.

ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მმართველი პარტიის შემოთავაზებულ წინადადებებს რამდენიმე პარტია დათანხმდა, მათ შორის ორი "ოპოზიციური რვიანიდან“, რომლის ექვმა სუბიექტმა უარი თქვა შეთანხმებასთან შეერთებაზე. შეთანხმებაში ასახული ინიციატივები გააკრიტიკეს ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, როგორც "არასაკმარისი“. 

შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების მიზნით ხელმომწერი პარტიების მონაწილეობით შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც პირველი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 8 ივლისს გამართა, ხოლო მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში დაგეგმა.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ "საზოგადოებისათვის უცნობია აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობა და სამუშაო ფორმატი".

“ჩვენ მზად ვართ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლოთ პროცესში მონაწილე ყველა მხარესთან, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში,“– ნათქვამია განცხადებაში. 

 

Civil.Ge © 2001-2024