ადვოკატების თქმით, დაკავებულმა აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jul.'11 / 16:51

დაკავებული ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულმა მათმა კლიენტმა დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა.

"რაც იყო ბრალის ფორმულირებაში აღიარა, მაგრამ ჩვენ ყველას გაგვიჩნდა შთაბეჭდილება, რომ ეს აღიარება იწვევს ძალიან დიდ ეჭვს“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მისი თქმით, ოფიციალური დაკითხვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აბდალაძემ განუცხადა ადვოკატებს, რომ იგი არ აპირებდა აღიარებითი ჩვენების მიცემას და ისევე როგორც დაკავებიდან ბოლო მომენტამდე, აცხადებდა,  რომ "მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, მითუმეტეს, ჯაშუშობა“.

“როდესაც უკვე შემოვიდა გამომძიებელი და პროკურორი და დაიწყო ოფიციალური დაკითხვა, ყველასგან გასაკვირად, მან თქვა, რომ იგი მთლიანად ცნობს თავს დამნაშავედ“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

ადვოკატებმა ჩვენების დეტალებზე არ ისაუბრეს. აბდალაძის მეორე ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ "ეჭვს ბადებს“, რომ აბდალაძემ მათ კითხვებს დაღლილობის მომიზეზების მოტივით არ უპასუხა. მისი თქმით, აღიარებითი ჩვენების მიცემა "ცოტა უცნაურიცაა და ცოტა გაუგებარიც“.

აღიარებითი ჩვენების მიცემას ასევე ესწრებოდა უფლებადამცველი ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია, რომელმაც განაცხადა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ აბდალაძის ეს ნაბიჯი გამოძიების მხრიდან ზეწოლის შედეგია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენებაში, რომლის ვიდეო გადაღებაც განხორციელდა, ბევრი შეუსაბამობა იყო. 

გიორგი აბდალაძე, დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, ზურაბ ქურციკიძე, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტი და ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით შუაღამისას დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოგრაფი, დანარჩენებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით, იგი ჯერ გაათავისუფლეს და შემდეგ კი სასამართლომ გირაო შეუფარდა. ნათია გედენიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. მისმა მეუღლემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ ქურციკიძემ იგი "დააშანტაჟა“, რათა კონფიდენციალური ინფორმაცია მიეღო.

პოლიციის განცხადებით, ზურაბ ქურციკიძეს კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან და დაკავებული პირები მისი მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ამ დრომდე უცნობია მისცა თუ არა ქურციკიძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება.

"ამ ეტაპზე ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, ქურციკიძის ინტერესებიდან გამომდინარე. თან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს“, – განუცხადა Civil.ge-ს ქურციკიძის ერთ–ერთმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა.

ფოტოგრაფების მიმართ წაყენებული ჯაშუშობის ბრალდება 8–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი სასამართლო პროცესის დაწყება, რომლის დიდი ნაწილიც ხელისუფლების დაპირების თანახმად ღიად წარიმართება, 1 სექტემბრიდან იგეგმება.

თუმცა პოლიციამ გუშინ განაცხადა, რომ საქმის სასამართლო მოსმენა შესაძლოა უფრო ადრეც დაიწყოს, ვინაიდან „გამოძიება უკვე დასრულებისკენ მიდის“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება. ამასთან, კანონმდებლობით, ბრალდებულს სასამართლოზე განემარტება, რომ "იგი შეზღუდული არ არის გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით".

 

Civil.Ge © 2001-2024