აფხაზეთის არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jul.'11 / 17:51

სეპარატისტულ აფხაზეთში 26 აგვისტოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

კანდიდატთა წარდგენის ბოლო ვადა 17 ივლისს ამოიწურა.

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტად კენჭს იყრიან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი; პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

სამივე კანდიდატმა ვიცე–პრეზიდენტების კანდიდატებიც დაასახელეს.

რაულ ხაჯიმბამ, რომლის კანდიდატურასაც ოპოზიციური პარტია „აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმი“ უჭერს მხარს, ვიცე–პრეზიდენტის კანდიდატად სვეტლანა ჯერგენია, ვლადილსავ არძინბას მეუღლე, დაასახელა.

სერგეი შამბამ ვიცე–პრეზიდენტის კანდიდატად ახალგაზრდული საქმეების და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შამილ აძინბა დაასახელა.

ალექსანდრე ანქვაბმა კი გულრიფშის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ ლოგუა დაასახელა ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატად.    

Civil.Ge © 2001-2024