კანდიდატებმა აფხაზური ენის გამოცდა ჩააბარეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jul.'11 / 11:03

სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წარდგენილმა სამივე კანდიდატმა აფხაზურ ენაში გამოცდა ჩააბარა, განაცხადა „აფსნიპრესმა“ 20 ივლისს.

სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტად კენჭისყრის მსურველი კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს აფხაზურ ენას.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა, პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ და ყოფილმა ვიცე–პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზი ლინგვისტებისგან შემდგარ შვიდ–წევრიან კომისიასთან გაიარეს გასაუბრება. 

ალექსანდრე ანქვაბს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სურდა კენჭისყრა, თუმცა კანდიდატად არ იქნა დარეგისტრირებული მას შემდეგ, რაც აფხაზურ ენაში გამოცდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა; კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ მან ვერ დააკმაყოფილა კანდიდატებისთვის დაწესებული ბინადრობის ცენზი; შემდეგ მან იმ არჩევნებში სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი.   

Civil.Ge © 2001-2024