ადვოკატი: ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jul.'11 / 18:00

ზურაბ ქურციკიძემ, European Pressphoto Agency-ის (EPA) ფოტოკორესპონდენტმა, დღევანდელი ხელახალი დაკითხვის დროს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადება შესთავაზა, განუცხადა ქურციკიძის ერთ–ერთმა ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა Сivil.ge–ს.

„საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა, უბრალოდ ქურციკიძის მხრიდან იყო  შეთავაზება საპროცესო შეთანხმების დადების. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ეს მოხდა ხელახალი დაკითხვის დროს, რაც გამოძიების მხრიდან დამატებითი კითხვების გაჩენამ განაპირობა,“ – განაცხადა  ანდრიაშვილმა.

”პროკურატურის მხრიდან პასუხი იყო, რომ განიხილავენ ამ განცხადებას და პასუხს მოგვიანებით განაცხადებენ“, – დასძინა მან.

ალბათობა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმე სექტემბერში დაგეგმილ სასამართლომდე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სამივე ფოტოგრაფმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, აღიარებითი ჩვენებების მიცემაზე თანხმობა განაცხადა.

ყველა დაკავებული ფოტოგრაფის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში - საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ძალზედ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხშირად უფლებადამცველების კრიტიკის საგანია - საქმის არსებითი განხილვა სასამართლოზე აღარ შედგება.

21 ივლისს თავიანთ კლიენტს ასევე შეხვდნენ გიორგი აბდალაძის ადვოკატები. ერთ–ერთმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი კვლავ დაკითხეს გამომძიებლებმა, რათა აბდალაძის მიერ აღიარებით ჩვენებაში ფაქტების შესახებ დაშვებული  უზუსტობები გაესწორებინათ. ბესელიას თქმით, ერთ–ერთი ასეთი უზუსტობა უკავშირდებოდა ოსების მიერ მისი დაკავების თარიღს. თავდაპირველად, აბდალაძემ განაცხადა, რომ იგი მაშინ გადაიბირა რუსულმა დაზვერვამ, როდესაც იგი 2002 წელს ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული; თუმცა, რეალურად, იგი ცხინვალში 2000 წელს ჰყავდათ დაკავებული.    

ბესელიამ განაცხადა, რომ აბდალაძის არცერთმა ადვოკატმა დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა იმ მოტივით, რომ მათ მიაჩნიათ, რომ მათი კლიენტი „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ ქვეშ იმყოფება. 

ასევე 21 ივლისს, ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ იგი ქურციკიძის ოჯახმა და European Pressphoto Agency-იმ დაიქირავა რათა ქურციკიძის ინტერესები დაიცვას. 21 ივლისს შავგულიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას თავის კლიენტთან სურდა შეხვედრა, თუმცა ვერ მოახერხა, რაშიც მან ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. áƒ›áƒáƒ’ვიანებით, ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა, რომ ქურციკიძემ თავად არ ისურვა რომ მისი ადვოკატი შავგულიძე ყოფილიყო. 

Civil.Ge © 2001-2024