სატელევიზიო ანძის მართვის უფლება აუქციონზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jul.'11 / 21:10

ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ელექტრონული აუქციონი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული იმ კომპანიის მართვის უფლების ოთხი წლის ვადით გადაცემის შესახებ, რომელიც თბილისის ანძას უწევს მენეჯმენტს.

შპს ”ალფა-კომი”, ყოფილი ”საქართველოს ტელერადიოცენტრი” (ამ უკანასკნელს სახელი 4 ივლისს გადაერქვა და მას ”ალფა-კომი” დაერქვა), თბილისის 274 მეტრიან სატელევიზიო ანძასთან ერთად, ექსპლოატაციას უწევს 35 სხვა მცირე ზომის ანძებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანია ემსახურება 30-ზე მეტ რადიო და 16 ტელეკომპანიას.

აუქციონზე, რომელიც 18 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტომდე გასტანს, საწყისი საფასური 100 000 ლარია.

კომპანიის მმართვის უფლების მიღების მსურველებს ეკონომიის სამინისტრო ორ ძირითად პირობას უყენებს: საწარმოს საქმიანობის  პროფილის შენარჩუნება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სულ ცოტა 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

Civil.Ge © 2001-2024