გილაური ინფლაციის შემდგომ შემცირებას ელის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jul.'11 / 17:36

წინასწარი მონაცემებით, წლიური ინფლაცია ივლისში 8.5–9%–მდე შემცირდება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 26 ივლისს.

„ჩვენ, როგორც ვვარაუდობთ, მომავალ თვესაც გაგრძელდება იგივე ტენდენცია და ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება“, – განაცხადა გილაურმა მთავრობის სხდომაზე.

”საქსტატმა” განაცხადა ივლისის დასაწყისში, რომ წლიური ინფლაცია ივნისში, მაისში არსებული 14.3%-დან 10%-მდე შემცირდა, რისი მიზეზიც ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ზოგ კატეგორიაზე ფასების კლება გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ივლისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%–დან 7.75%–მდე შეამცირა.

„სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა ბოლო პერიოდის დინამიკა ინფლაციის მოსალოდნელზე უფრო სწრაფად შემცირებაზე მიუთითებს“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა და დასძინა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკის დროულად დაწყება.

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი საინვესტიციო დანაყოფის BG Capital-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ვიტალი ვავრიშჩუკმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა საკუთარი პოზიცია მონეტარული პოლიტიკის შერბილების სასარგებლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც ინფლაცია 10%–მდე შემცირდა და რაც მაისის ეკონომიკური ზრდა „კრიტიკულ 1.4%–მდე შემცირდა“ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარში არსებული 9.7%–დან.

„ინფლაციური წნეხის შემცირებასთან ერთად და ასევე იქიდან გამომდინარე რომ ეროვნული ბანკი თავის ძალისხმევას ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისკენ მიმართავს, ჩვენ ველით რომ [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] áƒ™áƒ˜áƒ“ევ უფრო შემცირდება“, – განაცხადა ვავრიშჩუკმა.

Civil.Ge © 2001-2024