საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიცირება სექტემბერში იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Aug.'11 / 18:53

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 20 სექტემბრისთვის იგეგმება მას შემდეგ, რაც ის აგვისტოს ბოლოსკენ ვენეციის კომისიას გაეგზავნება სამართლებრივი ექსპერტიზისათვის.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალური ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი სხდომის შემდეგ განუცხადა. ჯგუფი იმ ცვლილებების ფორმულირებებზე მუშაობს, რომლის პრინციპებიც მმართველმა პარტიამ რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან შეათანხმა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც ცოტა ხნის წინ პროცესის გამჭირვალობა და მასში ჩართულობა მოითხოვეს.

 

Civil.Ge © 2001-2024