ანქვაბი: არჩევნების შემდეგ დაძაბულობის ალბათობა ‘ძალიან მცირეა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Aug.'11 / 17:53

იმის შანსები, რომ აფხაზეთში 26 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები შიდა დაპირისპირებაში გადაიზრდება, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, ამჯერად ძალიან მცირეა, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტობის ერთ–ერთმა კანდიდატმა ალექსანდრე ანქვაბმა.

22 აგვისტოს რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურთან „ეხო კავკაზა“–სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2004 წლის მოვლენების განმეორების ალბათობა „ძალიან მცირე”. მისი თქმით, „აფხაზურ საზოგადოებას იმ მოვლენების განმეორება არ სურს“.

„აფხაზეთს სტაბილურობა, სიწყნარე და განვითარება სჭირდება“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთ კანდიდატთან სერგეი შამბასთან ცოტა ხნის წინანდელ დაპირისპირებაზე საუბრისას, ანქვაბმა განაცხადა, რომ დიდ ყურადღებას არ აქცევს ამას და იმ ბრალდებებსაც, რომელიც მის წინააღმდეგ წამოაყენეს, როდესაც შამბას მხარდამჭერებმა იგი 90–იანი წლების დასაწყისის ომის დროს თბილისთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

ანქვაბმა არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის წინააღმდეგაც ისაუბრა და განაცხადა: „ვინ თქვა, რომ კოალიციური მთავრობა კარგია?“       

მან კიდევ ერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება პრემიერ–მინისტრის და ვიცე–პრეზიდენტის პოსტების არსებობის მიმართ და განაცხადა, რომ ნაკლები აღმასრულებლები უნდა იყვნენ, და „არ უნდა იყოს დუბლირება“. ანქვაბმა ასევე განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში, მისი სურვილი შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაა.

Civil.Ge © 2001-2024