ხაჯიმბა არჩევნების მეორე ტურს წინასწარმეტყველებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Aug.'11 / 12:14

სეპარატისტულ აფხაზეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც სამი კანდიდატი მონაწილეობს, სავარაუდოდ მეორე ტური მოყვება, განაცხადა ერთ–ერთმა კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ.

„როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება“, – განუცხადა მან რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურს „ეხო კავკაზას“ 23 აგვისტოს, ვადამდელ არჩევნებამდე სამი დღით ადრე.

ბოლო დროს ორ კანდიდატს – ალექსანდრე ანქვაბსა და სერგეი შამბას შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ხაჯიმბა გარკვეულწილად ჩრდილში მოექცა.

2005–2009 წლებში რაულ ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტი იყო. მან ეს პოსტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ძალაუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა. მართალია იმ არჩევნებში ხაჯიმბას კანდიდატურას მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს, ბოლო წლებში იგი ხშირად ცდილობდა აფხაზეთის მოსკოვზე ზედმეტად დამოკიდებულება გაეკრიტიკებინა.

2009 წლის მაისში ხაჯიმბამ ვიცე–პრეზიდენტის პოსტი დატოვა ბაღაფშთან უთანხმოების მოტივით. მან 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე ვადით ისევ ბაღაფში იქნა არჩეული. მაშინ ხაჯიმბამ, რომელიც ბაღაფშის მთავარი კონკურენტი იყო, ხმების 15.4% მიიღო.

რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი ორ დანარჩენ კანდიდატს კოალიციურ მთავრობაში მიიწვევს.

Civil.Ge © 2001-2024