სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის არჩევნები მიმდინარეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Aug.'11 / 13:02

170 საარჩევნო უბანი გაიხსნა 26 აგვისტოს დილის 8 საათზე სეპარატისტულ აფხაზეთში, სადაც რეგიონის რიგით მესამე ლიდერს ირჩევენ ხუთი წლის ვადით, იტყობინება „აფსნიპრესი“ პარასკევს დილით.

საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, რეგიონში 143 735 ამომრჩეველია რეგისტრირებული. áƒáƒ áƒ˜ დამატებითი საარჩევნო უბანია გახსნილი მოსკოვსა და რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში, მეზობელ áƒ§áƒáƒ áƒáƒ©áƒáƒ˜–ჩერქეზეთში.

ამომრჩეველთა, დაახლოებით, 24% გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე შუადღისთვის, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის ცესკო.  

ელექტორატის ნახევარზე მეტმა მაინც უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რათა ის ჩატარებულად გამოცხადდეს.

სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ივლისის ბოლოსკენ 7 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული უმეტესად ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში. არჩევნების დღისთვის გალელ ამომრჩეველთა ოდენობა 10 ათასამდე გაიზარდა. გალის მხოლოდ იმ მაცხოვრებლებს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვისაც აფხაზური პასპორტები აქვთ აღებული.

დე ფაქტო პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა სერგეი შამბამ და რაულ ხაჯიმბამ შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. მათ ერთობლივად მიმართეს პარლამენტს კანონის შესწორების თხოვნით, რათა არჩევნების დღეს რეგისტრაციის უფლება აკრძალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მათმა მესამე კონკურენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელსაც ზურგს მმართველი პარტია უმაგრებს,  აღიარა „ნაკლოვანებები“, მან უარი თქვა შეერთებოდა ამ მიმართვას და განაცხადა, რომ არასწორი იყო საარჩევნო კოდექსის კარსმომდგარი არჩევნების წინ შეცვლა. 

არჩევნების წინა დღეს რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, ყველა ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა პარლამენტმა და ცესკომ უგულებელყვეს, რაც გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ხელისუფლებას არანაირი განზრახვა არ გააჩნია, რომ ობიექტური და გამჭირვალე არჩევნები ჩაატაროს“, – განაცხადა ხაჯიმბას საარჩევნო შტაბმა.

სერგეი შამბამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ იგი „ამომრჩეველთა მოტყუებას“ არ დაუშვებს.

ოფიციალურმა მოსკოვმა იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდება“.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორიც არ უნდა იყოს აფხაზი ხალხის არჩევანი, რუსეთთან მეგობრობის კურსი უცვლელი დარჩება, რადგანაც ის რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულ ტრადიციებს, მეგობრობის შესახებ შეთანხმებას, თანამშრომლობას და ურთიერთდახმარებას ეფუძნება და ჩვენი ხალხების ინტერესებს პასუხობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 25 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების თქმით, რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რამდენიმე ათეული უცხოელი დამკვირვებელი ჩავიდა.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავიანთი დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადეს.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ  ამ  არჩევნების იგნორირება მოახდინა... ჩვენ არ გვითხოვია მათთვის, რომ თავიანთი ჩამოსვლისას აფხაზეთი ეღიარებინათ, არამედ მკაფიო დამოუკიდებელი შეფასება გაეკეთებინათ არჩევნების მსვლელობასთან დაკავშირებით“, – იტყობინება რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ 25 აგვისტოს ღვინჯიას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდა  საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მიუხედავად. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროპული სტრუქტურების მეშვეობით ცდილობდა გავლენა მოეხდინა მათზე, ვინც ჩამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ უმრავლესობა მაინც ჩამოვიდა“, – განაცხადა მან.

თბილისი აფხაზურ არჩევნებს „არალეგიტიმურად“ მიიჩნევს იმის გამო, რომ ის „ოკუპაციის პირობებში“ ტარდება.

Civil.Ge © 2001-2024