"ჰიუმენ რაითს უოჩის" მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
/ 16 Jan.'03 / 17:48

მოვლენათა განვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

2002 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მიღებაზე და განაგრძო ნავთობსადენის პროექტის გამხორციელება, დასავლეთის ბაზრისკენ ნავთისა და გაზის ტრანზიტის მიზნით.

ამ ინიციატივებმა განაპირობა საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაციის შემდგომი ცვლილება ამერიკასა და დასავლეთ ევროპასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო დაძაბა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. პანკისის ხეობა - სადაც რამდენიმე ათასი ჩეჩენი დევნილია განსახლებული - ამერიკისა და რუსეთის მიერ აღიარებულ იქნა ტერორისტთა ბუდედ, აცხადებდნენ რა, შესაბამისად, იქ ალ-ქაიდასა და ჩეჩენი მებრძოლების არსებობის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების "წვრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისის მიერ პანკისში ანტიტერორისტული საქმიანობის გაძლიერებას, დაიწყო; თუმცა, ამასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით უარყოფდა რუსეთის მრავალგზის მოთხოვნას - პანკისის ხეობაში თავისი სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა.

გეოსტრატეგიული ორიენტაციის შეცვლას თან არ ახლდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმა ან გაუმჯობესება. წამყვანმა რეფორმისტებმა მიატოვეს მმართველი მოქალაქეთა კავშირის პარტია (სმკ) და ჩამოაყალიბეს ოპოზიციური პარტიები და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გამოსცა რელიგიური შეუმწყნარებლობის აღმოსაფხვრისკენ მიმართული ბრძანებულება და შექმნა ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების კომისია, ხელისუფლება პრაქტიკულად თვალს ხუჭავდა ამგვარი ძალადობის ფაქტებზე.

პანკისის ხეობა გლობალური ანტიტერორისტული კამპანიის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 1999 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო იქ კანონის უზენაესობის დამყარება. ზოგის მტკიცებით, რეგიონში იარაღის უკანონო გაყიდვით, ნარკობიზნესითა და ადამიანთა გატაცებებით მიღებული მოგების ნაწილი უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებთან მიდიოდა. იგივე სტრუქტურები, 2001 წლის ნოემბერში შეცვლილი ხელმძღვანელობით, გააქტიურდნენ პანკისის ხეობაში, რათა მოეპოვებინათ და შეენარჩუნებინათ ამერიკული დახმარება და წაერთმიათ რუსეთისთვის სამხედრო ჩარევის საბაბი.

1999 წელს ჩეჩნეთში განახლებულ სამხედრო კონფლიქტს გამოქცეული რამდენიმე ათასი დევნილი პანკისის ხეობაში დასახლდა. საქართველოს ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დათანხმდნენ რუსეთის მხარის ზეწოლას დევნილთა იძულებით დაბრუნების შესახებ. მიუხედავად ამისა, პანკისში ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ზოგიერთი ქმედება გამოირჩეოდა თვითნებობითა და განსაკუთრებული სისასტიკით.

22 მარტს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ალ-ქაიდასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი ორი ადგილობრივი ჩეჩენი - ისლამ საიდაევი და ზურაბ ხანგოშვილი, რომელთა წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება ის იყო, რომ 2002 წელს მხოლოდ მათ იმოგზაურეს რელიგიური მიზნით საქართველოდან მექაში. იმისათვის, რომ გვერდი აეარათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადებისთვის, უშიშროების სამინისტრომ გააყალბა მათი დაკავების თარიღი, რითაც სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება უზრუნველყო. ისინი ივნისის თვეში გაათავისუფლეს, მაგრამ საქმე მათ წინააღმდეგ არ შეწყვეტილა და გამოძიება კვლავ გრძელდება.

28 აპრილს არაბული წარმოშობის სამი პირი "გაუჩინარდა" მას შემდეგ, რაც ისინი სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ხალხმა დააკავა. თვითმხილველთა განცხადებით, არაბთა მძღოლს - ვიზური ხანგოშვილს - ხელბორკილი დაადეს, სასიკვდილოდ დაჭრეს მუცელის არეში და მომაკვდავი იქვე მიატოვეს. ამ ფაქტს არ მოჰყოლია არანაირი სისხლის სამართლებრივი გამოძიება. 25 სექტემბერს ჩეჩნეთიდან დევნილი ჰუსეინ იუსუპოვი "უგზო-უკვლოდ დაიკარგა" უშიშროების სამინისტროს პატიმრობაში.

2002 წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებულად ჭარბობდა ცნობები პანკისის ხეობაში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაში ხელისუფლების მონაწილეობის თაობაზე. იმ ფონზე, როცა ჭარბობს ცნობები ჩეჩნეთში პანკისის ხეობიდან იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ, ხელისუფლებამ მცირეოდენი ინტერესი გამოიჩინა დაეკითხა ან დაეცვა აიუბ პაიკაევი - ჩეჩენი იარაღით მოვაჭრე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ იარაღით ვაჭრობა უშიშროების სამინისტროს მფარველობით ხორციელდებოდა.

პაიკაევი თანამშრომლობდა სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიების პროგრამა 60 წუთთან, რომელმაც მარტში აჩვენა ფარული კამერით გადაღებული სიუჟეტი, რომელიც ასახავდა თუ როგორ უთანხმდებოდა პაიკაევს ქართული არმიის ყოფილი პოლკოვნიკი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამშვიდობო ძალების ბაზებიდან იარაღის გაყიდვის თაობაზე.

რამდენიმე დღის შემდეგ აიუბ პაიკაევი უცნობი პირების მიერ იქნა ნაცემი თბილისში. პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა პაიკაევი ჩხუბში გამვლელის დაჭრის ბრალდებით. ამ მოხსენების წერისას იგი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა ქვეყნის ყალბი პასპორტით დატოვების მცდელობის ბრალდებით.

ადამიანთა გატაცების შემთხვევები კვლავ გრძელდებოდა. 2001 წლის დეკემბერში, დიდი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ, ორი ესპანელი ბიზნესმენი იქნა პანკისის ხეობის ტყვეობიდან გათავისუფლებული, სადაც ისინი წელიწადზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ.

პრესაში გავრცელდა სავარაუდო ინფორმაცია, რომ გამტაცებლები სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსან წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. 2002 წლის ივნისში ბრიტანელი ბანკირი - პიტერ შოუს გატაცების შემდეგ მთავრობის ორმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ გატაცებაში სავარაუდოდ სამართალდამცავთა ხელი ერია.

6 ნომბერს პიტერ შოუმ ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არცერთი მისი გამტაცებელი არ ყოფილა დაპატიმრებული ნომბრის შუა რიცხვებისთვის. საზოგადოებრივი აღშფოთებისა და ზეწოლის ფონზე - დროულად გაეთავისუფლებინა ტყვეობიდან პოპულალური ქართველი ფეხბურთელის ძმა - პოლიციამ ელექტრო შოკით აწამა ბადრი ხუნდაძე, საქმეში ორი ეჭვმიტანილის ნაცნობი, რითაც უშედეგოდ ეცადა დაედგინა მათი ადგილსამყოფელი.

იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიხსნა სატელეფონო ცხელი ხაზი წამების ფაქტებზე საჩივრების მისაღებად, მაგრამ ამ მცდელობამ ვერ შეამცირა პოლიციაში წამებათა ხშირი შემთხვევები. იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა პოლიციის მიერ საველე ტელეფონების ელექტრო შოკით წამების მიზნით გამოყენების ფაქტები. იანვრის დასაწყისიდან იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო პოლიციის განყოფილებებიდან თბილისის წინასწარი პატიმრობის საკნებში გადმოყვანილი პატიმრების სისტემური სამედიცინო შემოწმება.

მიღებული ინფორმაცია გახდა საფუძველი პოლიციის დეპარტამენტებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, აგრეთვე კოდექსით დაწესებული ვადების დარღვევათა შემთხვევების ციფრობრივი გამოსახვისა. მიუხედავად ყოველივე ამისა, პოლიციაში წამებისა და გამოძალვის დაუსჯელი შემთხვევები მაინც ჭარბობდა. თემურ მიქიას სიკვდილის გარემოებათა გამოძიება - ახალგაზრდა ბიჭისა, რომელიც ნაცემი და გადმოგდებული იქნა ქალაქ ფოთის პოლიციის განყოფილების ზედა სართულის ფანჯრიდან 2001 წლის ივლისში - ჩიხში მოექცა და პოლიციელებმა, რომელთაც, სავარაუდოდ, მოკლეს თემური თავიანთი სამსახური შეინარჩუნეს.

ივნისში გადაცემა 60 წუთმა აჩვენა სიუჟეტი, სადაც ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი ბიუროს ქმედებანი იქნა გამოაშკარავებული, მაგრამ ოქტომბრის თვისთვის ამ საქმეზე გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. გადაცემაში ნაჩვენები იყო ფარული კამერით გადაღებული სიუჟეტი, თუ როგორ აძლევდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნარკოტიკს ინფორმატორს, რათა ამ უკანასკნელს ჩაეგდო ის პიროვნებისთვის, ვისგანაც ის შემდგომ ფულის გამოძალვას მოახერხებდა.

27 სექტემბერს ოცზე მეტი პოლიციელი, გადმოცემით, თავს დაესხა და დაარბია ზუგდიდის ადგილობრივი ტელეკომპანია, სცემა თანამშრომლებს და დაამსხვრია აპარატურა. ეს ტელეკომპანია 60 წუთთან თანამშრომლობდა გადაცემის მომზადებაში, რომელიც ამხელდა პოლიციის როლს აფხაზეთიდან საწვავის კონტრაბანდაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ იმავე დღეს შეურაცხყოფა მიაყენა 60 წუთის ზუგდიდელი კორესპონდენტის - ემა გოგოხიას - დედასა და ათი წლის ვაჟს, მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტი სახლში ვერ იპოვნეს. მეზობლებმა ხელი შეუშალეს პოლიციელებს ბავშვის თან წაყვანაში. ამ ფაქტზე სამსახურეობრივი მოკვლევის შედეგად რეგიონალური პოლიციის უფროსის მოადგილე იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.

სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები ფაქტობრივად დაუსჯელობის გარანტი იყვნენ იმ თავდამსხმელებისა, რომლებიც აშინებდნენ და შეურაცხყოფდნენ არამართლმადიდებელი რელიგიის მიმდევრებს, განსაკუთრებით იეღოვას მოწმეებს, ევანგელისტებსა და ბაფტისტებს. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა არატრადიციული რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ ძალადობის კამპანია შეეჩერებინა.

თებერვალში მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი წოდების წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა რელიგიური სექტების მიმდევართა დახოცვისაკენ. პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ მთელი ქვეყნის მაშტაბებით თავის მომხრეთა მობილიზაციას მიჰყო ხელი, რათა თავისი ულტრა-ნაციონალური მიზნები განეხორციელებინა იეღოვას მოწმეთა დემონიზაციითა და მათ მიმართ უაზრო, დაუსაბუთებელი ბრალდებებით.

მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოკვეთილი ვასილი მკალავიშვილი და პეტრე ივანიძე, რომელთაც 1999 წლიდან მოყოლებული ათეულობით თავდასხმა განახორციელეს რელიგიურ უმცირესობებზე თბილისსა და მის შემოგარენში, იანვარში როგორც იქნა სასამართლოს წინაშე წარდგნენ მხოლოდ ხუთ დარბევაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე სასამართლომ ვერ შეძლო სამართლიანობის აღზევების იმედის გამართლება.

მკალავიშვილის მომხრეები დომინირებდნენ სხდომათა დარბაზში და აშინებდნენ დაზარალებულებს, განსაკუთრებით იეღოვას მოწმეებს, რომელთაც ეშინოდათ დასწრებოდნენ სხდომებს, სანამ ოქტომბერის თვეში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები არ იქნა მიღებული. თებერვალში ხელისუფლება დაზარალებულთა დაპატიმრებითა და სასამართლო სხდომებზე იძულებით გამოცხადებით იმუქრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა.

სასამართლო სხდომები განუწყვეტლივ იდებოდა და ამ მოხსენების წერისას საქმის არსებითი განხილვა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. აპრილში თბილისის სასამართლომ გააუქმა მკალავიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიება მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი მომხრეები სასამართლოს დაწყებამდე და მსვლელობის დროსაც აგრძელებდნენ ახალ თავდასხმებს.

2001 წლის 23 დეკემბერს მკალავიშვილი და ივანიძე მიუძღოდა ასამდე მომხრეს ერთ-ერთი უსასტიკესი თავდასხმისას ევანგელისტურ ეკლესია "სიცოცხლის სიტყვა"-ზე, როდესაც ისინი თბილისის ცენტრალურ უბანში იყვნენ შეკრებილნი. მოძალადეებმა სცემეს შეკრებილთ, მოიპარეს აპარატურა, ფული და პირადი ნივთები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მალე გამოცხადდა, მათ არ უცდიათ თავდამსხმელთა შეჩერება და ცოტა თუ იღონეს საქმის ობიექტურად გამოსაძიებლად.

25 იანვარს მკალავიშვილი და მისი მომხრეები შეიკრიბნენ ტელეკომპანია პირველი სტერეოს წინ და აიძულეს ხელმძღვანელობა ეთერიდან მოეხსნათ ევანგელისტური რელიგიური პროგრამა, ხოლო 3 თებერვალს მათ დაწვეს ათასობით ბიბლია და სხვა რელიგიური ლიტერატურა თბილისში გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების საწყობის გატეხვის შემდეგ. პირველ ივლისს მკალავიშვილის მომხრეებს ნება დართეს თავისუფლად ეთარეშათ თბილისის პოლიციის განყოფილებაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ იეღოვას მოწმისა და მისი შვილისთვის, რომელთაც ეკლესიისათვის ქვების სროლა დააბრალეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიძულა იეღოვას მოწმეები უარი ეთქვათ აგვისტოში კასპსა და გორში დაგეგმილი კონგრესის ჩატარებაზე. ორივე კონგრესის ჩატარების ადგილს ანონიმურმა პირებმა ღამით ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო 15 აგვისტოს ბრბო თავს დაესხა ამ ადგილებს, ვანდალურად გააპარტახა შენობები, დაწვა რელიგიური ლიტერატურა და სცემა იეღოვას მოწმეებს. 16 აგვისტოს პოლიციამ, თავდამსხმელებთან ერთად, კასპისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რათა კონგრესის მონაწილეებისთვის შეეშალათ ხელი დანიშნულ ადგილას მისვლაში.

რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა, როდესაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები მონაწილეობდნენ რელიგიური უმცირესობების დარბევებში. ივლისის დასაწყისში ორი მართლმადიდებელი მღვდელი სამი დღე ზედიზედ ხელმძღვანელობდა ბრბოს თბილისის ერთ-ერთ სახლზე თავდასხმისას, სადაც ორმოცდაათიანელები ცდილობდნენ თავიანთი რეგულარული ღვთისმსახურების ჩატარებას. სამ ივლისს მას შემდეგ, რაც ორმა მღდელმა კათოლიკური ეკლესიის მრევლს მოსთხოვა დაეტოვებინათ ყვარელის მიმდებარე ტერიტორია, შეკრებილთ თავს დაესხა უცნობი მამაკაცები. სექტემბერში საპატრიარქომ მხარი დაუჭირა საჩხერელ მღვდელს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოვას მოწმე ცოლის გარდაცვლილი მეუღლის გვერდით დაკრძალვას.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთთან ახლოს მართლმადიდებელმა მღვდლებმა წააქეზეს ადგილობრივი მოსახლეობა თავს დასხმოდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან განხეთქილებამში მყოფ სამწყსოს, რომელიც სოფელში საკუთარი ეკლესიის აშენებას ცდილობდა. ექვს ოქტომბერს ბრბომ ეს ეკლესია დაარნგრია.

საქართველოს მთავრობა რელიგიურ ორგანიზაციათა შესახებ კანონპროექტს სთავაზობდა, როგორც რელიგიური ძალადობის აღმოფხვრის საშუალებას. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი რელიგიური უმცირესობების მიმართ კიდევ უფრო დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან შეიცავდა რეგისტრაციის შემზღუდველ და "არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის" ამკრძალავ მუხლებს. საქართველოს რეგიონებიდან ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სემინარების მონაწილე პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ისინი ახალი კანონისგან მოელოდნენ ისეთი რელიგიური ჯგუფების, როგორიცაა იეღოვას მოწმეები, სამართლებრივი შეზღუდვის მექანიზმებს.

მზარდი სიღარიბისა და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ პოპულარული მობილიზაციის წაქეზების ფონზე ხელისუფლებამ ცოტა რამ თუ იღონა პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის. 2 ივნისის ადღილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოყენებული საარჩევნო სიები კვლავ არაკომპიუტერიზებული და სავალალო მდგომარეობაში იყო, რაც ფართოდ გავრცელებულ გაყალბებას უწყობდა ხელს. თბილისის არჩევნების ხმების გადათვლა ნოემბრისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. არჩევნები მკაცრად იქნა გაკრიტიკებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის მიერ მარნეულში განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო უამრავი გაყალბების შემთხვევა, რასაც მოსახლეობის დაბალი აქტიურობაც უწყობდა ხელს.

ადამიანის უფლებათა დაცვა

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დარბევა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციისა მოხდა 2002 წლის ივლისში. 10 ივლისს დაახლოებით ათ კაციანი ჯგუფი თავს დაესხა თავისუფლების ინსტიტუტის თბილისის ოფისს, ქართულ არასამთავრობო რგანიზაციას, რომელიც ცნობილია თავისი ბრძოლით რელიგიური შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ. თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს ორგანიზაციის დირექტორი ლევან რამიშვილი და სხვა თანამშრომლები, გაანადგურეს კომპიუტერები, ავეჯი და სხვა საოფისე ტექნიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კონსულტაციებს იღებდა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სამართალდამცავი სისტემის რეფორმის პროგრამის შემუშავებისას, ზოგადად ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან სასურველისგან შორს რჩებოდა. აგვისტოს თვეში სახელმწიფო კონტროლის პალატის თავმჯდომარემ "ზოგიერთი არასამთავროები და საეჭვო ორგანიზაციები" დაადანაშაულა "მწვალებლურ და ანტიმართლმადიდებლურ ზრახვებში."

24 აპრილის გამოსვლაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებიდან იქნენ დაფინანსებულნი. ეს ტაქტიკა იმისთვის იყო საჭირო, რათა გაემართლებინათ ისეთი კანონის აუცილებლობა, რომელიც ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური გრანტების კონტროლის უფლებას მისცემდა. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის უარი მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისათვის, სავარაუდოდ, გახდა მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.

24 სექტემბერს ახალმა ფინანსთა მინისტრმა სამინისტროში შექმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებულ უცხოურ გრანტებს გააკონტროლებდა.

საერთაშორისო საზოგადოების როლი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

საქართველო გახლდათ ერთ-ერთი იმ რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთაგანი, რომელთაც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მწარმოებელ სტრუქტურებს ღია მოწვევა გაუგზავნეს.

მარტის თვეში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა საქართველოს მეორე პერიოდული მოხსენება. კომიტეტის მიერ ძირითადი შეშფოთება იქნა გამოთქმული პოლიციასა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე, თვითმკვლელობათა და ტუბერკულოზით დაღუპულთა შემთხვევების ჩათვლით; აგრეთვე პოლიციის განყოფილებებში წამების ფაქტებსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლებზე, რომელიც პირის თვითნებური დაკავების უფლებას იძლევა და ეჭვმიტანილს არ აძლევს წამების ფაქტის სასამართლოში გასაჩივრების უფლებას საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე.

კომიტეტმა განსაკუთრებულ ზომას მიმართა და 12-თვიანი ვადა დაუწესა საქართველოს ხელისუფლებას, რათა ეს უკანასკნელი განმეორებითი ანგარიშით წარდგეს მის წინაშე და მოახსენოს ამ დარღვევათა აღმოსაფხვრელად მიღებული ზომების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულების შესახებ, ის ამგვარ ძალადობას განიხილავს როგორც "უბრალო შეურაცხყოფას" და ამიტომ არ შეაქვს ეს საკითხი იმ პრობლემათა ნუსხაში, რომელზედაც საქართველოს ხელისუფლება 2003 წლის გაზაფხულზეა ანგარიშვალდებული.

ევროპის საბჭო

2002 წლის ივლისის თვეში გამოცემულ მოხსენებაში ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა შეაჯამა 2001 წლის მაისში საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ვიზიტის შედეგები. მოხსენებაში გამოაშკარავებულია, თუ როგორ უწყობს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ხელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ხარვეზები.

კომიტეტმა განსაკუთრებულად გააკრიტიკა თბილისის წინასწარი პატიმრობის #5 იზოლატორი გაუსაძლისი პირობებისთვის, ტუბერკულოზის გავრცელების ვერ შეჩერებისათვის და სარდაფისმაგვარი კარცერების არსებობისთვის, რომლებიც ადამიანის დასაკავებლად ყოვლად მიუღებელია. ასეთი კარცერების გაუქმების შესახებ კომიტეტის მოთხოვნა ხელისუფლებამ 2001 წლის სექტემბრისთვის დააკმაყოფილა.

აპრილში მინისტრთა საბჭოს ლიტველმა თავმჯდომარემ საქართველოში თავისი ვიზიტის დროს მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება რელიგიური ძალადობის აღმოფხვრის უუნარობის გამო.

ევროპის კომისიამ რასიზმისა და შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ გამოაქვეყნა მისი პირველი მოხსენება საქართველოს შესახებ, რომელიც მოიცავდა მოვლენებს 2001 წლის ივნისამდე. კომისია საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა რელიგიური ექსტრემიზმის საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებისთვის და განსაკუთრებით აკრიტიკებდა უზენაესი სასამართლოს 2001 წლის თებერვლის გადაწყვეტილებას იეღოვას მოწმეთა ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, როგორც ექსტრემისტთა "წახალისებას" გაეგრძელებინათ რელიგიურ უმცირესობებზე თავიანთი თავდასხმები.

სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორატმა გამოსცა მოხსენება, სადაც 2001 წლის დეკემბერში განხორციელებული მისიის შედეგებია შეჯამებული. ეს დოკუმენტი იყო მორიგი მცდელობა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის აპარატის მხრიდან წაეხალისებინა საარჩევნო და სისხლის სამართლებრივი რეფორმები და საქართველოს ხელისუფლებისათვის შეეხსენებინა თურქ-მესხთა ნებაყოფლობითი რეპატრიაციის შესახებ ნაკისრი ვალდებულება.

ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა მკაცრი იმედგაცრუება გამოთქვეს 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს უუნარობაში შეექმნათ ელემენტარული პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევისათვის.

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)

რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე მყოფმა ეუთოს დამკვირვებლებმა დაადასტურეს რუსეთის მიერ 23 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა შვიდი ქართველი მოსახლე.

ეუთოს მისიამ საქართველოში დააფინანსა წამების წინააღმდეგ მიმართული საცდელი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პოლიციის დეპარტამენტებში სატელეფონო ცხელი ხაზების არსებობას, რითაც სახალხო დამცველის ოფისში არსებული სწრაფი რეაგირების ჯგუფებთან დაკავშირება იქნებოდა შესაძლებელი.

ევროკავშირი

ევროკომისიამ საქართველოს გამოუყო €1,9 მილიონი ევრო ($2 მილიონი აშშ დოლარი) განახლებული პროგრამის - "ევროპის ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის" - ფარგლებში და სექტემბრის თვეში ღია კონკურსი გამოაცხადა კონკრეტულ პროექტებზე მთელ რიგ საკითხებში.

ევროკომისიის მწვავე რეაქციამ 2001 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის გუნტელ ბოიხელის მკვლელობასთან დაკავშირებით აიძულა საქართველოს ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში შეექმნა უცხოეთის მოქალაქეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტი.

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)

როგორც ანტიტერორისტული კამპანიის ნაწილი, ვაშინგტონმა საქართველოს სამხედრო ძალებს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გამოუყო $64 მილიონი აშშ დოლარი, პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის მხარდასაჭერად. ოქტომბრის თვის მდგომარეობით სულ მცირე 60 ამერიკელი სამხედრო პირი იყო ბაზირებული საქართველოში.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სათანადო ყურადღებას არ აქცევდა პანკისის ხეობაში საქართველოს ძალოვნების მიერ განხორციელებული დაპატიმრებებისა და სამხედრო ოპერაციების თვითნებურ და სასტიკ ხასიათს. აშშ-მ არ გამოხატა პროტესტი ისლამ საიდაევისა და ზურაბ ხანგოშვილის ტერორიზმში ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაკავების ერთადერთი მიზეზი იყო რელიგიური მოგზაურობა მექაში, ინფორმაცია რომლის შესახებაც ამერიკის საელჩოს მიერ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში აღინიშნებოდა.

ჟურნალი "თაიმი" იტყობინება, რომ 28 აპრილს საქართველოს ძალოვნებმა ამერიკის საელჩოს ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს ოპერაცია, რომლის დროსაც უკანონოდ დააკავეს სამი ადამიანი და ადგილზე მოკლეს მეოთხე. არც თბილისს და არც ვაშინგტონს არ უარყვია ოქტომბრის თვეში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველო ალ-ქაიდასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გადასცემდა ამერიკის მხარეს.

სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ აღნიშნული ძირს უთხრის აშშ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობას. აგრეთვე შეგვიძლია ვისაუბროთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე, ვინაიდან აშშ-ს დახმარება სამხედრო სფეროში აიძულებს საქართველოს მეტი ყურადღებით მოეკიდოს ვაშინგტონის კრიტიკას.

მაგალითისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურმა ანგარიშმა საქართველოს მთავრობის დროებითი აფორიაქება გამოიწვია, რასაც მაისში პრეზიდენტის საგანგებო ბრძანებულება მოჰყვა.

აშშ-ს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის მიერ 15 მაისს პრეზიდენტ შევარდნაძისადმი გაგზავნილ წერილს, სადაც რელიგიური ძალადობის აღკვეთას მოითხოვდნენ, დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

კომისიის შემდგომი ნაბიჯი გახდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოსმენის დანიშვნა სექტემბერში. აგრეთვე, თბილისში აშშ-ს საელჩოს სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების მიღებისაკენ, რათა აღეკვეთა რელიგიური ძალადობა და დაემკვიდრებინა რწმენის თავისუფლება.

ივნისში გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე მოხსენება ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ქალთა ტრეფიკინგის საწყისი და სატრანზიტო ქვეყანა, საიდანაც ქალები ძირითადად თურქეთსა და საბერძნეთში გაჰყავთ. მოხსენებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ გამოკითხვებით აშშ მესამე ადგილზეა საქართველოდან მოტყუებით ჩაყვანილ ქალთა მიხედვით.

მოხსენება აკეთებდა მცდარ დასკვნებს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა საქართველომ 2002 წელს მნიშვნელოვანი ზომები მიიღო ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად; ამ არგუმენტის დასტურად მოჰყავდა ხელისუფლების ინიციატივები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ორ სტრუქტურას, რომელთაც შეეძლოთ სისხლის სამართლებრივი სისტემის რეფორმაში პოზიტიური კატალიზატორის როლი ეთამაშათ: იუსტიციის სამინისტრო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრს და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების სახელმწიფო კომისიას.

რუსეთი

თებერვლის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება შეეცადა ზეწოლა მოეხდინა საქართველოზე, რათა მომხდარიყო მის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩენი დევნილების იძულებითი რეპატრიაცია, მიუხედავად დიდი ალბათობისა, რომ დაბრუნების შემდეგ ისინი იდგნენ წამების, "გაუჩინარებისა' და შევიწროების საფრთხის წინაშე.

წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა რუსეთის საჰაერო სივრციდან გამოჩენილი და გაუჩინარებული თვითმფრინავების მიერ. 23 აგვისტოს ერთ-ერთი ასეთი საჰაერო თავდასხმის შედეგად პანკისის ხეობის სამხრეთით დაიღუპა ერთი და დაიჭრა შვიდი ადგილობრივი მოსახლე.

11 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს 2001 წლის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება მოიშველია, რომელიც სახელმწიფოებს უკრძალავდა ტერორისტთა შეფარებას, რათა გაემართლებინა საქართველოს შესაძლო შემდგომი დაბომბვები.

პრეზიდენტ პუტინის ეს განცხადება გახლდათ რუსეთის მიერ ყველაზე არაცერემონიალური მცდელობა მის მიერ ჩეჩნეთში წარმოებული კამპანია მოაქციოს ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ჩარჩოებში და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მოადუნოს კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებზე.

Civil.Ge © 2001-2024