ბაქრაძე აფხაზური არჩევნების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Aug.'11 / 14:45

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე „ე.წ. არჩევნები არაფერს არ ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას“.  

მისი თქმით, აფხაზეთის ლიდერის არჩევნები იმ პირობებში ტარდება, როცა რუსეთი მთლიანად აკონტროლებს რეგიონის „უსაფრთხოების სიტუაციას“, „ყველა ეკონომიკურ აქტივობას“ და „გარკვეულ ჩარჩოებში, პოლიტიკურ ცხოვრებას“. 

“ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან, ბუნებრივია, და მზად ვართ დავიწყოთ ეს დიალოგი ნებისმიერ მომენტში, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გადამწყვეტი მოთამაშე აფხაზეთში არის რუსეთი, რომლის საოკუპაციო ჯარიც იქ დგას“, – განაცხადა მან 26 აგვისტოს.

იმავდროულად, პარასკევს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე–სპიკერმა და პარტიის „ჩვენ თვითონ“ ლიდერმა პაატა დავითაიამ აფხაზური არჩევნები შეაფასა, როგორც „არალეგიტიმური“ და მას „კრიმინალების მიერ ძალაუფლების მითვისება“ უწოდა.

მისი განცხადებით, აფხაზეთის ყოფილი ლიდერი სერგეი ბაღაფში, რომელიც მაისში გარდაიცვალა და ამ ფაქტმა განაპირობა ვადამდელი არჩევნები, კრემლის მფარველობით მოქმედმა რუსულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოკლა მიწებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

"რეალურად, ეს მოელის ყველა იმ აფხაზ ლიდერს, ვინც არ გაასხვისებს აფხაზეთის მიწებს რუსეთის ფედერაციაზე", – განაცხადა დავითაიამ, "ამიტომ მოვუწოდებ აფხაზებს, გონს მოეგონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა გადაარჩინონ თავისი ერი. აფხაზი ერის გადარჩენა კი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშია. ვინც არ უნდა მოვიდეს არჩევნების გზით, მან უნდა იფიქროს დიალოგზე საქართველოსთან.

26 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების სამი წლის თავზე, აფხაზეთში რიგით მესამე ლიდერის არჩევნები ტარდება, რომელშიც სამი კანდიდატი: ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყრიან კენჭს.

Civil.Ge © 2001-2024