თბილისი აფხაზეთის არჩევნების მკაცრი საერთაშორისო დაგმობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Aug.'11 / 17:42

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ 26 აგვისტოს აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არის "ცინიკური აქტი“, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა დაგმოს.

„ამგვარი ქმედება ვერასდროს შეიძენს ლეგიტიმაციას და ვერასდროს განსაზღვრავს აფხაზეთის მომავალს... იმ პირობებში როდესაც დღეს აფხაზეთიდან გამოდევნილია სამი–მეოთხედი მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით, ძალისმიერი გზით, ეთნიკური წმენდის შედეგად; იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეს რეგიონი იმყოფება ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულია და იმართება და კონტროლდება სწორედ საოკუპაციო ძალების მიერ “, – განაცხადა დღეს áƒ’ამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ.

მან  საერთაშორისო თანამეგობრობას ამ „კონკრეტული აქტის ადეკვატური შეფასებისკენ“  მოუწოდა.

„მკაცრად დაგმოს იქ [აფხაზეთში] დღეს მიმდინარე პროცესი, ისე როგორც ამ პროცესების შედეგები და დარჩეს ერთგული იმ პრინციპების, რომლის დეკლარირებაც მუდმივად ხდება საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“,– განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, ის პირები, რომლებიც აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ჩავიდნენ შეგნებულად, თუ გაუცნობიერებლად, "მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ“.

ვიცე–პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნები არის "ფარსი", სადაც "ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპები არის დარღვეული".  

იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება, რომ დღის 3 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ, დაახლოებით, 49% შეადგინა. იმისათვის რომ არჩევნები შედგეს 143 735 რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მაინც უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა.

 

Civil.Ge © 2001-2024