აფხაზეთის ცესკო: ანქვაბი იგებს არჩევნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Aug.'11 / 12:27


კადრი რუსული ტელეარხიდან, სადაც ალექსანდრე ანქვაბი 26 აგვისტოს სოხუმის საარჩევნო უბანში ხმის მიცემისთვის პროცედურებს გადის.

ალექსანდრე ანქვაბმა მეორე ტურის ალბათობა თავიდან აიცილა მიიღო რა ხმათა 54.86% პარასკევს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, განაცხადა შაბათს სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ .

ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21.04%–ით მას სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილზეა ოპოზიციონერი კანდიდატი რაულ ხაჯიმბა 19.83%–იანი მხარდაჭერით.

აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რომ ხმათა უმეტესობა დათვლილია; მხოლოდ მთიან სოფელ ფსხუდან დარჩა მონაცემები მისაღები, თუმცა ეს ხმები საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან ამ საარჩევნო უბანზე მხოლოდ 104 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მან ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 71.92% შეადგინა. ტაბაღუამ, რომელმაც პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ აქტივობა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო, ამჯერად áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒ, რომ áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ ეს შეფასება მცდარი აღმოჩნდა, რადგან ახლა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

ტაბაღუას თქმით, ხაჯიმბასა და შამბას მიერ გალის რაიონის სოფელ ბარღებში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრები „უმნიშვნელოა“ და ის შედეგებზე ვერ იმოქმედებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი ლიდერის ინაუგურაცია ერთ თვის განმავლობაში შედგება.

რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ღამით მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ეჩქარა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება და დაეცადა საარჩევნო დარღვევებზე არსებული ცნობების გადამოწმებამდე, უკვე მიულოცა კონკურენტს, ალექსანდრე ანქვაბს არჩევნებში გამარჯვება, ხოლო მიხეილ ლოგუას ვიცე–პრეზიდენტის პოსტზე არჩევა, იტყობინება „აფსნიპრესი“ შაბათს დილით ანქვაბის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით. 

უშუალოდ ხაჯიმბას ან მის საარჩევნო გუნდს, ისევე როგორც სერგეი შამბას, ჯერ–ჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. 

აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა 27 აგვისტოს, რომ áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო უბნებზე ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობისას არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი.  

Civil.Ge © 2001-2024