ხაჯიმბას თქმით, ანქვაბი ლიდერობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Aug.'11 / 23:50

სეპარატისტულ აფხაზეთში საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში პირველმა არაოფიციალურმა ინფორმაციამ დაიწყო გავრცელება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ანქვაბი საპრეზიდენტი არჩევნებში ლიდერობს.

რუსული მედია, მათ შორის „ინტერფაქსი“ და „კომერსანტი“ შემაჯამებელ ოქმებზე და კანდიდატების წარმომადგენლების მიერ ოლქებიდან გამოგზავნილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ ცნობებს.

„რია ნოვოსტი“ იტყობინება რაულ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ეს უკანასკნელი მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ  მეორე ტური გაიმართება.

„ანქვაბი ლიდერობს,“ – განუცხადა ხაჯიმბამ „რია ნოვოსტის“, "შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ აქამდე არც ერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების 50%–ზე მეტი, რაც პირველ ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო“. 

თუ ეს ვარაუდი გამართლდება, ეს მოულოდნელი იქნება ბევრი იმ ანალიტიკოსისთვის, რომლებიც მეორე ტურის შემთხვევაში ანქვაბსა და სერგეი შამბას შორის წინასწარმეტყველებდნენ კონკურენციას.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პირველ ოფიციალურ შედეგებს შაბათს 12 საათისთვის გამოაქვეყნებს.

Civil.Ge © 2001-2024