ხაჯიმბა ცესკოს მოუწოდებს არ იჩქაროს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Aug.'11 / 08:11

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ანქვაბმა სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მისმა კონკურენტმა რაულ ხაჯიმბამ საარჩევნო დარღვევებზე გააკეთა აქცენტი და მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ეჩქარა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება.

“ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოტყუების პროცესი გრძელდება. და ეს კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ სიებს, რომელსაც ქვია დამატებითი“, – იტყობინება რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით. ხაჯიმბამ ეს განცხადება სოხუმში თავის საარჩევნო შტაბში მხარდამჭერებთან საუბრისას გააკეთა.

ხაჯიმბა, რომელიც აცხადებს, რომ 26 აგვისტოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გადის, უკვე დიდი ხანია გამოხატავს შეშფოთებას ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, კერძოდ კი არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით. მესამე კანდიდატთან სერგეი შამბასთან ერთად, მან ერთობლივი მიმართვა გაუგზავნა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტს და თითოეულ უბანზე არჩევნების დღეს  ამომრჩეველთა რეგისტრაციის შეზღუდვა სთხოვა.

„ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დავთვალოთ ყველა მონაცემი. ჩვენ უკვე ვთხოვეთ ცესკოს არ გამოაცხადოს არჩევნების შედეგები. სანამ არ ჩატარდება შესაბამისი სამუშაო, სანამ არ ვნახავთ, თუ როგორ შეიქმნა ეს დამატებითი სიები ოლქებში, ვერ ვიტყვით, რომ ვინმემ მოიგო. არჩევნები მხოლოდ მაშინ გამოცხადდება ჩატარებულად, როდესაც დადგინდება, რომ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაშია“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

იგი იმედოვნებს, რომ ალექსანდრე ანქვაბსა და მას შორის მეორე ტური გაიმართება. მანამდე ხაჯიმბამ განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ მართალია ანქვაბი ლიდერობს არჩევნებზე, მაგრამ áƒ›áƒáƒ¡ áƒáƒ  მიუღია საკმარისი ხმები პირველ ტურში არჩევნების მოსაგებად და ამიტომაც, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება მას და ანქვაბს შორის. 

იმავდროულად, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, განუცხადა „ინტერფაქსს“, რომ ანქვაბმა ხმების 50%–ზე მეტი მიიღო და რომ „მეორე ტური აღარ გაიმართება“.

 

Civil.Ge © 2001-2024