მედვედევმა ანქვაბს "დამაჯერებელი" გამარჯვება მიულოცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Aug.'11 / 13:47

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სეპარატისტული აფხაზეთის „არჩეულ პრეზიდენტს“ ალექსანდრე ანქვაბს „დამაჯერებელი გამარჯვება“ ტელეფონით მიულოცა, იტყობინება კრემლი 27 აგვისტოს.

პარასკევს ჩატარებულ არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა ხმათა 54.86% მიიღო და მეორე ტურის საჭიროების გარეშე სძლია კონკურენტებს სერგეი შამბასა და რაულ ხაჯიმბას.

“რუსეთის პრეზიდენტმა თანამოსაუბრეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებული მუშაობა უსურვა და  აფხაზეთის შემდგომი განვითარების რწმენა გამოთქვა“, – იტყობინება კრემლი, „მედვედევმა და ანქვაბმა მხარდაჭერა გამოთქვეს რუსულ–აფხაზური პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებისადმი“.

ანქვაბმა სოხუმში შაბათს áƒ’ამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის გააგრძელებს აწ გარდაცვლილი მისი წინამორბედის სერგეი ბაღაფშის კურსს, რომელიც „იყო რუსეთთან ურთიერთობის აშკარა მომხრე და კვლავაც განვავითარებთ ამ ურთიერთობებს“.

„ჩვენ მსოფლიოს დავანახებთ, რომ რუსეთმა მორიგი სწორი ნაბიჯი გადადგა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებით“, – განაცხადა მან.

ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო „ბრძოლა დაძაბული“ იყო, „ჩვენ დავივიწყეთ ყველაფერი და განწყობილი ვართ ერთიანი კონსტრუქციული მუშაობისთვის“.

 

Civil.Ge © 2001-2024