საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ერთ კვირაში იქნება ინიცირებული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Sep.'11 / 18:46

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ის ფორმულირებები, რომელიც ინტერპარტიულ სარედაქციო ჯგუფში შეთანხმებულია და ვენეციის კომისიას აგვისტოს ბოლოს გაეგზავნა, მომავალ კვირაში იქნება ინიცირებული.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ინიცირების მიუხედავად, ცვლილებების განხილვა მანამ არ დაიწყება, ვიდრე ვენეციის კომისია თავის დასკვნას არ გამოაქვეყნებს პროექტთან დაკავშირებით.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში, „სავარაუდოდ“, შედგება ვენეციის კომისიის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში.

მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებათა პროექტში ზოგიერთი ის თემა, მათ შორის დამოუკიდებელი მაჟორიტარის და საარჩევნო უბნებზე ვიდეო თვალის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ვენეციის კომისიასთან სხვადასხვა დროს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, არ  არის ასახული.

“თუმცა, თუ იქნება შესაბამისი კომუნიკაცია პარტიების მხრიდან, ვენეციის კომისიის ექსპერტების შეფასებები, შესაბამისად იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა კუბლაშვილმა.  

მისი განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პროექტის ტექსტი, რომელიც დიდი ალბათობით მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ივნისში გაფორმებული შეთანხმების პუნქტებს ასახავს, უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებისკენ მოუწოდა ისე, რომ „ეს განხილვის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე საზოგადოებისთვის და იყოს ღია, ხელმისაწვდომი ინფორმაცია, თუ რა განიხილება და რა ცვლილებები შედის“. 

ამ დრომდე მმართველი პარტიის დეპუტატები, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო კოდექსის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თავს არიდებდნენ დეტალურად ესაუბრათ, თუ რა ეტაპზე იყო ცვლილებების მზადების პროცესი.

მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გასულ ორშაბათს Civil.ge-ს განუცხადა, რომ საკითხების ნაწილი უკვე გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში და მისი ექსპერტების დასკვნა ოქტომბრისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი.

“ყველაფერი იქნება იმ თარიღებში რაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა მან 5 სექტემბერს და გაგზავნილი ცვლილებების შინაარსობრივ მხარეზე, ისევე როგორც სხვა დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

არსებული შეთანხმების თანახმად, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არაუგვიანეს ოქტომბრის თვეში უნდა იქნას მიღებული. ამავე ვადაში უნდა მიიღონ სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპუტატების რაოდენობის 150–დან 190–მდე გაზრდას ითვალისწინებს.

Civil.Ge © 2001-2024