ვმო–ზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Sep.'11 / 14:28

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით 12 სექტემბერს ჟენევაში შვეიცარიის შუამავლობით გამართული ქართულ–რუსული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.  

ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში მყოფ თავის ლიტველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა, რომ გითხრათ გარღვევას ველოდებოდი დამიჯერებთ? ეს არის ძალიან მძიმე მოლაპარაკებები, ძალიან მძიმე“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ორივე მხარემ იცის ერთმანეთის პოზიცია. ქართული მხარე მუდმივად მიდის კომპრომისზე, რუსული მხარე ძალიან ჯიუტად დგას, როგორც ბოროდინოს ველზე, ისე დგას ამ თავის დაჩემებულ პოზიციებზე“ – აღნიშნა მან. 

ვაშაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების სხვა დეტალებზე ვერაფერს ვერ იტყვის. 

 

Civil.Ge © 2001-2024