ხელისუფლება ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Sep.'11 / 15:19

ხელისუფლება ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას გეგმავს, რომლის ნაწილიც იქნება ასევე ის შეთანხმებები, რომელთაც მმართველმა და რამოდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ივნისში მიაღწიეს.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა 13 სექტემბერს Сivil.ge-ს განუცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მომზადდა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი 12 სექტემბერს ოფიციალურად გაეგზავნა ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის.

მინაშვილის განცხადებით, ახალი კოდექსი მას შემდეგ იქნება პარლამენტის მიერ დამტკიცებული, რაც ვენეციის კომისია საბოლოო რეკომენდაციებს წარმოადგენს. თუმცა მან ასევე არ გამორიცხა, რომ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დაიწყოს საპარლამენტო განხილვები და ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდეს მისი პირველი მოსმენით მიღება „გარკვეული დათქმებით“.

დეპუტატის თქმით, რიგ ოპოზიციურ პარტიებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მომზადებული ფორმულირებები ვენეციის კომისიაში აგვისტოს ბოლოს გაიგზავნა, გუშინ კი ახალი კოდექსის მთლიანი პროექტი  ოფიციალურად მიეწოდა ევროპის საბჭოს ამ საკონსულტაციო ორგანოს.

რაც შეეხება ახალი კოდექსის პროექტის შინაარსობრივ მხარეს, ამ ეტაპზე მინაშვილმა მოსალოდნელ სიახლეებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა დაადასტურა, რომ მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით, მასში რიგი ცვლილებები შედის.

მინაშვილის განცხადებით, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, უახლოეს რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ–გვერდზე.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა 12 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე განაცხადეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პარლამენტში მომავალ ორშაბათს იქნება ინიცირებული.

მინაშვილმა განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი წლის ბოლომდე იქნება მიღებული. მან არ გამოირიცხა, რომ მიღების თარიღი გადასცდეს ოქტომბრის ბოლოს – ეს დრო მმართველი ნაციონალური მოძრაობისა და რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის შეთანხმებაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ბოლო ვადად იყო დასახელებული.

ახალი საარჩევნო კოდექსი, მიღების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს 2001 წელს ამოქმედებულ შესაბამის კანონმდებლობას, რომელშიც მიღებიდან ამ დრომდე 46 ცვლილება და დამატება შეიტანა პარლამენტმა.

ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებისკენ საქართველოს ხელისუფლებას 2010 წლის ივნისში ვენეციის კომისიამ მოუწოდა და თავის რეკომენდაციებში აღნიშნა, რომ არსებულ საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანის ნაცვლად, პარლამენტს შეუძლია ახალი კოდექსი მიიღოს უახლოეს მომავალში, მომდევნო არჩევნებამდე სულ ცოტა ერთი წლით ადრე მაინც. 

2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ანალოგიური რეკომენდაციით გამოვიდა ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR).

საარჩევნო რეფორმაზე მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების წამყვან საკითხს წარმოადგენს პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის 190–მდე გაზრდა არსებული 150–დან, რასაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სჭირდება.

ამ შეთანხმების მიხედვით, 107 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 83 – ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. დღესდღეობით პროპორციულსა და მაჟორიტარულს შორის შეფარდება 75/75–ზეა.

Civil.Ge © 2001-2019