პროფკავშირები ხელისუფლებას „რეპრესიების“ გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Sep.'11 / 11:39
  • საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია გაფიცვის აქციის დაშლას გმობს;
  • სახალხო დამცველი პროკურატურას პოლიციის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ხელისუფლება მისი წევრების წინააღმდეგ „რეპრესიების“ განხორციელებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის გაფიცვაში მონაწილე სამი მუშა დააპატიმრა. სამივე მათგანი იმ აქციის მონაწილეები იყვნენ, რომელიც 15 სექტემბერს საღამოს პოლიციის ჩარევის áƒ’ამო შეწყდა.

იმ ღამეს ოცდაათზე მეტი გაფიცული დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს; თუმცა 18 სექტემბერს პოლიციამ სამი მუშა დააპატიმრა, რომლებიც „აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს პროფკავშირებთან გაფიცვის დაშლის თაობაზე სასამართლო სარჩელების მომზადების საკითხში“, განაცხადა საქართველოს პროფკავშირმა.

სამივე მათგანს პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, წინ უძღოდა მათ მიერ ნარკოტესტის ჩატარებაზე უარის თქმა; ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 19 სექტემბერს ისინი დამნაშავეებად ცნო და ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა და დასძინა, რომ განაგრძობს საქმის შესწავლას.

18 სექტებერს სამი გაფიცულის დაკავების შემდეგ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ „აგონიაში მყოფი ხელისუფლება უვნებელ პროტესტსაც რეპრესიებით პასუხობს“. 

„ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, დაუდგეს გვერდით ამ ბიჭებს, რადგან, გამორიცხული არ არის, ხვალ დანარჩენი აქტივისტებიც დააკავონ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციამ დაგმო  პოლიციის მიერ 15 სექტემბერს გაფიცულების აქციის დაშლის ფაქტი. 

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპროტესტო წერილში საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ განაცხადა, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ არა მხოლოდ უგულებელყო ადგილობრივი პროფკავშირების მოწოდებები ქარხანაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხის განხილვის თაობაზე, არამედ სამსახურიდან დაითხოვა ის ექვსი მუშა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ პროფკავშირებთან, რაც 13 სექტემბერს სრულმასშტაბიანი გაფიცვის დაწყების მიზეზი გახდა.

„ამ სიტუაციაში მთავრობას უთანხმოების მოსაგვარებლად შუამავლობა უნდა ეცადა“, – ნათქვამია წერილში. „სამწუხაროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ დაუშვა ეს უკანონო ქმედება [ქარხნის ადმინისტრაციის მიერ], არამედ ფაქტიურად, ხელი შეუწყო მისი მიზნების მიღწევას გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების მეშვეობით. ეს ძალმომრეობაა“.

იმავდროულად, 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა მთავარ პროკურატურას 15 სექტემბრის აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებების გამოძიება დაიწყოს. მან áƒžáƒ áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ¢áƒ£áƒ áƒáƒ¡ პოლიციის იმ ქმედებების გამოძიებისკენაც მოუწოდა, რომელსაც ქარხნის წინ 13 სექტემბერს ჰქონდა ადგილი, როცა პოლიციამ გაფიცულებს მოშიმშილეებისთვის კარვის გაშლის ნება არ დართო, იმის მიუხედავად, რომ კარავი ქარხნის შესასვლელს არ ბლოკავდა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ განაცხადა 17 სექტემბერს, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ კიდევ ოთხი მუშა დაითხოვა სამსახურიდან – ყველა გაფიცვის მონაწილე იყო.

Civil.Ge © 2001-2024