![]() |
|||
ახალი სააარჩევნო კოდექსის პროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე, დეპუტატებმა 27 სექტემბერს საარჩევნო სიების დაზუსტების თაობაზე მოქმედ კოდექსში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით 84 ხმით, ერთხმად მიიღეს. სიების მონიტორინგის მექანიზმი გათვალისწინებულია იმ შეთანხმებაში, რომელიც საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მმართველმა პარტიამ რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან გააფორმა. შეთანხმების თანახმად, სპეციალურ კომისიაში, რომელსაც ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი 2011 წლის 1 ოქტომბერს უნდა დაეწყო და 2012 წლის 1 ივლისს უნდა დაესრულებინა, წევრის წარდგენის უფლება მხოლოდ ამ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს აქვთ. თუმცა, საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების პროექტში, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობაზე ამგვარი შეზღუდვის დაწესება არ არის ასახული. პროექტის თანახმად, კომისიას პრეზიდენტი ქმნის და მასში „თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, რომელთა რაოდენობაც 21 არ უნდა აღემატებოდეს. კომისია თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ წევრთაგან ირჩევს, ნათქვამია კანონპროექტში. დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ პლენარულ სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კომისია "პრაქტიკულად ყველაზე მაღალი ინსტანციაა", რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიებთან დაკავშირებით. სიების გადამოწმების პროცესში სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ კომისიასთან, რომლის საქმიანობა, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამომრჩეველთა სიების გადამოწმების, დაახლოებით, ასეთივე მექანიზმი იყო გამოყენებული 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ, როცა ამ მიზნით თერთმეტ პარტიას ჯამში 1.2 მლნ ლარი გამოეყო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე. ორთვიანი მონიტორინგის შედეგად პარტიათა მიერ გამოვლენილი ხარვეზების, დაახლოებით, 14% ჩაასწორა ცესკომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელია ცესკო, რომელსაც აღარ ექნება ვალდებულება, რომ არჩევნებამდე ელექტორატის საერთო რაოდენობა განსაზღვროს და გამოაქვეყნოს.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025