საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ოთხმა რელიგიურმა ჯგუფმა მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 29 Sep.'11 / 11:13

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დღემდე ოთხი რელიგიური ჯგუფი დარეგისტრირდა იმ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რომლის მიღებასაც ზაფხულში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლობით ორდღიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოყვა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო პირველი რელიგიური ჯგუფი გახდა, რომელიც ივლისში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირდა. ეს ჯგუფი პირველად 2011 წლის იანვარში დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული áƒ˜áƒ£áƒ áƒ˜áƒ“იული პირი áƒ“ა რეგისტრაციის ამგვარ ფორმას მკაცრი რეაქცია მოყვა ბაქოში მდებარე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსგან, რომელსაც თბილისშიც აქვს ოფისი და áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს მუსლიმთა ინტერესებს იცავს. სამმართველოს ხელმძღვანელმა ალაჰშუკურ ფაშაზადემ ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება საქართველოს ხელისუფლების ავანტიურად შეაფასა.

სხვა ჯგუფები, რომლებიც ასევე დარეგისტრირდნენ ახალი საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, არიან ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია; საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემი და იეზიდთა სასულიერო კრება საქართველოში.

ივლისში საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, რელიგიური ჯგუფებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, რომლის განსაკუთრებული როლიც აღიარებულია სახელმწიფოსთან 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, კერძო სამართლის არაკომერციულ პირებად შეეძლოთ დარეგისტრირება. თუმცა, რეგისტრაციის ამგვარი ფორმა ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის პროტესტს იწვევდა, რომელთა განცხადებითაც, ეს მათ ოფიციალურ რელიგიებად აღიარების პრივილეგიას ართმევდა.

საკანონმდებლო ცვლილებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პროტესტი მოყვა; შედეგად, 9–10 ივლისს, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი, თბილისის ქუჩებში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქომ პოზიცია შეარბილა და მოუწოდა ხელისუფლებას რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღაბისას ეკლესიასთან მჭიდრო კონსულტაციები გამართოს.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც 24 სექტემბერს გადაიცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღებით ხელისუფლებამ უთხრა მოქალაქეებს, რომ „ყველანი თანასწორნი ხართ, თანაბრად გვიყვარხართ“.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი წინამორბედის ედუარდ შევარდნაძისგან განსხვავებით, იგი არ დაემორჩილებოდა ზეწოლას, რომელიც ამ საკითხზე ქუჩის საპროტესტო აქციებიდან მოდიოდა.

მას მხედველობაში ჰქონდა 2003 წლის სექტემბრის მოვლენები, როდესაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩარევის შედეგად, მათ შორის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვის გზით, საქართველოსა და ვატიკანს შორის შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა. ეს შეთანხმება საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის სამართლებრივ უფლებებს უზრუნველყოფდა. მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაემორჩილა ქართული ეკლესიის პოზიციას და ბოლო წუთში შეცვალა ვატიკანთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერის გეგმები. შედეგად, კარდინალ ჟან ლუი პიერ ტორანს, რომელიც იმ დროს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომელიც თბილისში შეთანხმების ხელმოსაწერად ჩამოვიდა, ცარიელი ხელებით მოუხდა უკან გაბრუნება.

სააკაშვილის თქმით, მაშინ კარდინალმა ჟან ლუი პიერ ტორანმა „წინასწარმეტყველური ფრაზა“ თქვა, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობას ეშინია ქუჩაში გამოსული 100 კაცის და ვერ აცნობიერებს, რომ ფუნდამენტურ ღირებულებებზეა ლაპარაკი, ამ მთავრობას დიდი დღე არ უწერია. „წინასწარმეტყველურში“ სააკაშვილი 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" გულისხმობდა.

„ამიტომ 100 კი არა, 100 000 რომ გამოსულიყო, მე მაინც ამას გავაკეთებდი“, – განაცხადა სააკაშვილმა, "და ავუხსნიდი ჩემს მოქალაქეებს, რატომ გავაკეთებდი ამას – იმიტომ, რომ მე მინდა ძლიერი საქართველო, საქართველო, რომელიც ეფუძნება ყველა წარმომავლობის ადამიანთა ერთიანობას, თანასწორობას და თანაბარ შანსს“.  

Civil.Ge © 2001-2024