სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93.5 მლნ ლარად გაიყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Oct.'11 / 14:19

ბუნებრივი რესურსების სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალების და ბარიტის შესწავლა–მოპოვების ლიცენზია აუქციონზე 93.5 მილიონ ლარად გაყიდა, განაცხადა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებულმა სააგენტომ 3 ოქტომბერს.

კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ აუქციონზე გამოტანილი 30–წლიანი ლიცენზია, რომლის საწყისი ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენდა, 93,5 მლნ ლარად შეიძინა. მეორე კომპანია, რომელმაც ასევე მიიღო აუქციონში მონაწილეობა Anglo Georgia Mining Company–ია.

„კავკასიის სამთო ჯგუფი“ საქართველოში 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა. იგი კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული Pamtilon Holdings Limited–ის შვილობილი კომპანიაა. 

ლიცენზია მოიცავს ოქროს, ბარიტის, სპილენძის, მადნეულის საბადოებს ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განცხადებით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა–მოპოვების ლიცენზია ასეთ მაღალ ფასად პირველად გაიყიდა. „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შესაბამისი თანხა ორ თვეში უნდა დაფაროს.  

 

Civil.Ge © 2001-2024