ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, რათა მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. „მე გადავწყვიტე, რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – ეს არის ამონარიდი იმ წერილობითი განცხადებიდან, რომლის სრულ ვერსიასაც ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფი“ 7 ოქტომბერს გაავრცელებს. ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ სხვა დეტალები, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი. პირველად მან თავისი პრესსამსახურის მეშვეობით მაისში მიანიშნა პოლიტიკაში რაიმე შესაძლო როლის შესრულებაზე და ხელისუფლება საჯაროდ გააკრიტიკა. მაშინ „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს "მოიშოროს“ ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი 1990-იან წლებში რუსეთში დაიწყო, საქართველოში ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა იგი ამის აფიშირებისაგან კატეგორიულად იკავებს თავს. ივანიშვილი ტელეეკრანებზე არასოდეს ჩნდება; მასთან ერთადერთი ინტერვიუ 2005 წელს გამოქვეყნდა რუსულ გაზეთ ”ვედომოსტისთან”. ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი აშშ დოლარად არის შეფასებული. იგი ბოლო წლებია საჩხერის რაიონის მშობლიურ სოფელში, ჭორვილაში ცხოვრობს. |
|||
Civil.Ge © 2001-2025